ISFED: "იმედის" გამოქვეყნებულ პოსტზე ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი იდენტიფიცირდა
"სამართლიანმა არჩევნებმა" ტელე იმედის გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელთან დაკავშირებულ ქარდზე, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული, ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი გამოავლინა.
„სამართლიანმა არჩევნების" განცხადებით, ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა.
მედიასაშუალება „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი წარწერით „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი“, რომელზეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან - მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
📊 „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღნიშნული პოსტის ინტერაქციები შეისწავლა. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად.
⭕ ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს. გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა".- წერია ისფედის განცხადებაში.