11 წლის შემდეგ გახსნილი მკვლელობა - ვისთან მივა გამოძიება?
მფარველები, ვინც 11 წელი 21 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობას ფარცხავდა, ჯერ ხელშეუხებლები არიან. 11 წლიანი დაგვიანებით პროკურატურამ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილად დღეს გამოაცხადა. პირები, ვინც სასტიკი მკვლელობა ჩაიდინეს შემდეგ კი წლები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, პასუხისგებაში დღეს მიეცნენ. თორნიკე კაჭარავა და დავით დეკანოსიძე პროკურატურამ გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე მთავარ ფიგურანტებად დაასახელა.
ორიდან ერთი ბრალდებული დავით დეკანოსიძე "პირველების" ინფორმაციით, სომხეთში დააკავეს. ახლა მის გადმოსაცემად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ქალი, რომელსაც 21 წლის შვილის სასტიკი სიკვდილი აყურებინეს, საქმის გამოძიებას წლები ითხოვდა. ინგა მახარაძისთვის სამართალი აღდგა თუმცა ბოლომდე არა!
შვილმოკლული ქალი ამბობს, რომ ვიდრე ყველა პირი არ დაისჯება, ვინც მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს ხელს უწყობდა საქმე გახსნილად ვერ ჩაითვლება.
გიორგი კვარაცხელია 2015 წელს, ბუდაპეშტის ქუჩაზე სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. გამოძიების საქმის მასალებით დადგინდა რომ 21 წლის ბიჭს ჩასაფრება თანატოლებმა -კაჭარავამ და დეკანოსიძემ მოუწყვეს და ორი იარაღით ცეცხლი გაუხსნეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეები გამოძიებამ 2 თვის თავზე უკვე ყველაფერი იცოდა ვინ და რა მოტივით გაიმეტა სასტიკი სიკვდილისთვის გიორგი კვარაცხელია, თუმცა არავინ დაუკავებიათ. მოკლულის დედა და ოჯახის ინტერესების დამცველი ამტკიცებენ რომ კაჭარავა დეკანოსიძეს მაშინდელი გენ პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა ამიტომ პოლიციამ საქმე თაროზე შემოდო.