ტროტუარზე დგომის კიდევ ერთი საქმე სრტასბურგში - თათა ფერაძე საკუთარ უფლებებს ევროსასამართლოში დაიცავს
რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი კიდევ ერთი მოქალაქე საკუთარი უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეცდება. ამჯერად სტრასბურგში „დროას“ წევრის, თათა ფერაძის საქმე გაიგზავნა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ იურისტები აპირებენ დაასაბუთონ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, მათი შეფასებით, ფარული მიზანი ჰქონდა.
ადვოკატების განმარტებით, ტროტუარზე დგომის გამო დაკავებული მოქალაქეების საქმეების სტრასბურგში გაგზავნას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მათი თქმით, საქმეების ერთობლივად შეფასებისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შესაძლოა დაინახოს, რომ საუბარია არა ცალკეულ შემთხვევებზე, არამედ სისტემურ პრობლემაზე.
იურისტების განცხადებით, სტრასბურგში გაიგზავნება ყველა ის საქმე, რომელიც, მათი შეფასებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების შეზღუდვას უკავშირდება.
კითხვაზე, რატომ შემცირდა ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაკავებისა და გასამართლების შემთხვევები, მაშინ როდესაც ხელისუფლება ამ ქმედებას სამართალდარღვევად აფასებდა, ადვოკატები პასუხს ელოდებიან.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.