ევროკავშირის ელჩი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე დასმულ კითხვას პასუხობს

11.07.26 13:52
ევროკავშირის ელჩი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე დასმულ კითხვას პასუხობს

შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ 13 წლიან განაჩენთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

სამართლებრივი შეფასებისგან ელჩმა თავი შეიკავა. 

„რაც შეეხება შეკითხვას განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით. ეს სასამართლო სისტემის საქმეა და არა ჩემი, რომ კომენტარი გავაკეთო. რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო არის ის, რომ ევროკავშირი პრინციპებზე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებია: შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

  • აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.