პოლიციამ აფთიაქებისა და მაღაზიების ძარცვაში ბრალდებული ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში ხუთი არასრულწლოვანი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების ჯგუფურად ძარცვა და ქურდობა ედებათ ბრალად. გამოძიების ცნობით, მათ სავაჭრო ობიექტებს დაახლოებით 14 ათასი ლარის ზარალი მიაყენეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ახალი დანაშაულები პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩაიდინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნები თავდასხმებს წინასწარ გეგმავდნენ, ჯგუფურად იტაცებდნენ პროდუქციას ქსელური მარკეტებიდან და აფთიაქებიდან, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გარბოდნენ.
შსს-ს ცნობით, ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე დედაქალაქში მოპედების ქურდობაც ედება ბრალად.