კახეთში, სტიქიის ზონაში, ამ დრომდე მძიმე ვითარებაა - რა ხდება ადგილზე

12.07.26 20:23
კახეთში, სტიქიის ზონაში, ამ დრომდე მძიმე ვითარებაა - რა ხდება ადგილზე

კახეთში, სტიქიის ზონაში, ამ დრომდე მძიმე ვითარებაა. თელავის ქუჩების დიდი ნაწილი კვლავ ქვა-ღორღით არის დაფარული, ხოლო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მძიმე ტექნიკა ამ დროისთვის თელავის ხევის სანაპიროზეა მობილიზებული. სპეციალური სამსახურების თანამშრომლები კალაპოტის გაწმენდას ცდილობენ, საიდანაც წყალმოვარდნა დაიწყო. პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთზე გრძელდება გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ტერიტორია, სადაც ხიდმა ადიდებული ხევი ვერ გაატარა, ბოლო პერიოდში ძალიან დაბინძურებული იყო. მათი ვარაუდით, სტიქიის გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

დაიწყო წვიმა 7 საათზე და ღამე, ასე 3 საათისთვის ადიდდა ხევი. ღვარცოფი მოდიოდა, მოგლეჯილი ჰქონდა ხეები, ლოდები, ლამპიონები მოგლიჯა, საშინელება იყო. ჩვენი აივნისკენ  მოდიოდა ეს ამხელა ლოდები და ამხელა წყალი და ნელ ნელა მაღლა ადიოდა დონე და მაღლა ავედით. 

არ დამინახავს, რომ გაეწმინდოთ, ზევით გაწმინდესო, ამბობენ, ანუ სათავიდან. შეიძლება აქ იყო დაგროვილი ნარჩენები და იმიტომ გადმოვიდა კალაპოტიდან, - ამბობს თელავის მკვიდრი. 

აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში მთელი დის განმავლობაში "ოცნების" და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ივანიშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ "ოცნება" გამოცდილებით ვერაფერს სწავლობს. მათი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელ სწორედ ხელისუფლებაა. 

თელავის სტიქიამაც აჩვენა ისევე, როგორც ეს მოხდა 13 ივნისს თბილისში, ისევე, როგორც მოხდა ეს შოვში, ისევე, როგორც მოხდა ეს დიდთოვლობის დროს გურიაში, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებებმა ყურთ არ იღეს შესაბამისი დარგის ექსპერტების გაფრთხილებები, არ მიიღეს შესაბამისი ზომები და მივიღეთ სხვადასხვა მასშტაბის ტრაგედიები. ის, რომ ეს დამბები არ იქნა გაწმენდილი თავის დროზე, მაშინ, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოში ლევან ბერძენაშვილი ამ საკითხს საკრებულოში აყენებდა სულ რაღაც 6 თვის წინ, მაშინ რომ გაწმენდილიყო ეს დამბები, შეიძლებოდა ეს ამ მასშტაბით, როგორც მინიმუმ არ მომხდარიყო, - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები