აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის შვილებმა პროკურატურასთან ბრიფინგი გამართეს

12.07.26 21:10
აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის შვილებმა პროკურატურასთან ბრიფინგი გამართეს

 

 

„სასახლის ღობის საქმეზე“ მსჯავრდებული აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის შვილებმა პროკურატურასთან საგანგებო ბრიფინგი. ისინი მამის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმება მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არ არის. ჩახუნაშვილების თქმით, კანონმდებლობა სხვა სამართლებრივ მექანიზმებსაც ითვალისწინებს, თუმცა შესაბამისი უწყებები მათ გამოყენებაზე უარს ამბობენ.

„მამაჩვენის დაჭერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ, ყველამ ვიხილეთ გენერალური პროკურორის განცხადება, რომ მამაჩვენის ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის მხოლოდ საპროცესოს გაფორმება. მან ჩვენზე კარგად იცის, რომ ეს არ არის ერთადერთი გზა, რომელიც ითვალისწინებს მამაჩვენის გათავისუფლებას.

არსებობს ბევრი იურიდიული ბერკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს უდანაშაულო ადამიანს, დატოვოს საპატიმრო. ამიტომაც, მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელსაც შეუძლია ეს გააკეთოს - გაითვალისწინონ მისი ღვაწლი, მისი ასაკი და ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც არ წერია და არ ადასტურებს არანაირ ბრალს.

მოვუწოდებთ ყველას, რომ ეს იურიდიული ბერკეტები გამოიყენონ, რომლის შედეგადაც მარტივად შეეძლება მამაჩვენს, დატოვოს საპატიმრო, - განაცხადა დავით ჩახუნაშვილმა.

 

გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, პასუხისმგებლობას იმ პირებს აკისრებს, რომლებიც, მისი თქმით, პოლიტიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებების აღსრულებაში მონაწილეობენ. მისი განცხადებით, მომავალში ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს საკუთარი ქმედებების მხოლოდ „ბრძანების შესრულებით“ გამართლებას.

 

„ჩვენ ვხვდებით, რომ გადაწყვეტილების მიმღები არის მხოლოდ ერთი ადამიანი, თუმცა მათ აქვთ პასუხისმგებლობა აღებული კონკრეტულად ამ შემთხვევაზე და არა მხოლოდ ამ შემთხვევაზე.

ყველა პოლიტიკური პატიმრის შემთხვევაში უშუალო განმახორციელებელი იყო უამრავი ადამიანი, რომელიც შეიძლება თვლის, რომ ასრულებდა ბრძანებას, თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და საქართველოში რეალური თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვექნება, აღარ იქნება მარტივი გამოსავალი იმის თქმა, თითქოს მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ.

თქვენ გაქვთ ის ბერკეტები, რომლითაც შეგიძლიათ, ხვალვე გამოუშვათ მამაჩვენი და სხვა პოლიტიკური პატიმრები ციხიდან. ჩვენ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს ბერკეტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არ დაგვავიწყდება არც ჩვენ და არც საქართველოს სხვა მოქალაქეებს”, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 26 ივნისს მიიღო. მისი განაჩენით, ყველას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსგავსი სიახლეები