აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
დემონსტრანტ ისაკო დევიძეს, რომელსაც სასამართლოს უპატივცემულობას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მიიღო. მან დევიძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ისაკო დევიძე პენიტენციურ დაწესებულებას 6 თვეში დატოვებს.
ისაკო დევიძე თავდაპირველად 2025 წლის 20 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს და 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვამდე კი მას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, დევიძემ მოსამართლე ზვიად ცეკვავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.