საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - რა თქვა სასამართლოში მოწმედ მისულმა ვატო შაქარიშვილმა ჟურნალისტებთან

14.07.26 12:58
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - რა თქვა სასამართლოში მოწმედ მისულმა ვატო შაქარიშვილმა ჟურნალისტებთან

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა "ნეიტრალური საქართველოს წევრმა, ვატო შაქარიშვილმა, რომელიც დღეს ბრალდების მხარეს მოწმედ ჰყავს წარმოდგენილი.

  • ცნობისთვის, სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ. 
  • გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც "პირველებს" ჰქონდა მოპოვებული,  ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი  უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.

დღეს შაქარაშვილმა მედიასთან დაადასტურა, რომ "ნეიტრალურმა საქართველომ" პროკურატურაში მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებები წარადგინეს. 

მისი მტკიცებით, საქართველოში წლებია მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება და დავალებებს იღებს ქვეყნის გარედან.

"ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულების გამო, რაც ჩადენილი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ" - განაცხადა შაქარიშვილმა. 

წელიწადზე მეტი ხნის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მათი საქმიანობის გამოძიება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა. მტკიცებულებებია მთელი მათი საქმიანობა 25 წლის განმავლობაში. მათი საქმიანობის ყოველი დღე, მათი ყველა ნაბიჯი, მათი ყველა განცხადება, მათი ყოველი ქმედება არის დანაშაულის შემცველი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს წარდგენილი ძალიან ვრცელი მასალა, მათი მოქმედებათა ჯაჭვი, დროში და სივრცეში მათი მოქმედებები რომ იყო კოორდინირებული, იმართებოდა ერთი ცენტრიდან, იყო ერთი სცენარი, რომელშიც აგენტურული ქსელის ყველა რგოლს ჰქონდა თავისი დავალება. აგენტურული ქსელი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, ეს იყო ე.წ. პოლიტიკური პარტიები, ეს იყო მედიები, ეს იყო NGO-ები, ეს იყვნენ სხვადასხვა სფეროების ცალკეული წარმომადგენლები და იყო კოორდინირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული ქვეყნის გარედან, არაერთ ქვეყნიდან. მთავარი ის არის, რომ ისინი არ ემსახურებოდნენ ქართველი ხალხის ინტერესებს, არ მოქმედებდნენ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ, მოქმედებდნენ უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად. სამართლებრივი მტკიცებულებები ჩვენი განცხადების საფუძველზე იყო პროკურატურის პრეროგატივა, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, რომელიც იყო აგებული მათივე საჯარო განცხადებებსა და ქმედებებზე და იყო გაბმული მათ შორის ლოგიკური ჯაჭვი. ჩვენს მიერ იყო დასაბუთებული, რომ არსებობს კოორდინაციის მაღალი ხარისხი აგენტურული ქსელის სხვადასხვა დანაყოფებს შორის და ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან, ეს საქმიანობა ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ძირის გამოთხრას, ეს არის მტრული საქმიანობა და უცხო ძალებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.