"დაშავებულები განსაცდელში მიატოვეს" - დაღუპული დედა-შვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ელიზაბარაშვილის მანქანაში კიდევ ორი პირი იჯდა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ირმა ამბარდნიშვილი ამტკიცებს, რომ ავტომობილში, რომელსაც რევაზ ელიზაბარაშვილი მართავდა, ამჟამად დაკავებული ბიზნესმენის დეიდაშვილები ისხდნენ.
ქალი სოციალურ ქსელში წერს, რომ ავტომობილში მყოფი სამივე პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რევაზ ელიზაბარაშვილმა კი ავტომობილი თავდაპირველად იმიტომ არ გააჩერა, რომ ნათესავები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ეხსნა.
ირმა ამბარდნიშვილის მტკიცებით, დაკავებულის ახლობლებმა დედა-შვილი განსაცდელში მიატოვეს.
ჩემი ანას და მართას მკვლელ რეზო ელიზბარაშვილს მანქანაში ორი დეიდაშვილი უჯდა ისინიც არაფხიზელ მდგომარეობაში! მანქანა დააჯახა ისევ ზედ გადაუარა და გაიქცა საკუთარი დეიდაშვილები პასუხისმგებლობას რომ აერიდებინა! ის ორი გარეწარი რატომ არ დააკავეთ ? განსაცდელში მყოფები რომ მიატოვეს ? ისინის ისეთივე მკვლელები არიან! ჩაკეტეთ საზღვრები არ გავიდნენ ქვეყნიდან!
ნუ გამოგვცდით ! კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ყველა!"- წერს დაღუპული დედა-შვილის ახლობელი.
ამავე თემაზე:
დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები კი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ 35 წლის კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცი, რომელიც საჭეს მართავდა, მანამდე ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარის გამო სამჯერ იყო დაჯარიმებული.
მძიმე ავარია გორის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, მიღებული დაზიანებებით დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა. 35 წლის კაცს ბრალს დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.