ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ "რადიკალური ჯგუფები" ხშირად დემოკრატიის სახელით მოქმედებენ" - მინისტრის სიტყვა ვაშინგტონში
ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის საერთაშორისო ტრიბუნიდან ირწმუნებოდა, რომ მსოფლიოში "რადიკალური ჯგუფები" ხშირად დემოკრატიის სახელით მოქმედებენ - "თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა".
ბოჭორიშვილმა ისაუბრა რეზოლუციებზე, რომელსაც ცივილიზებული სამყარო "ოცნების" წინააღმდეგ იღებს და ეს პოლიტიკური ზეწოლად შეაფასა.
პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით - დასძინა "ოცნების" ლიდერმა.
ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას.
ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ.
არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს.
ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
მძღოლს სუს-ში მფარველები ჰყავდა? - რა ინფორმაციას ავრცელებს ავარიის დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი
ელიზბარაშვილს 3 თვის წინ პატრული გამოეკიდა, მთვრალი იყო, მანქანის უკან სუს-ის თანამშრომლები ესხდნენ, პატრულს უთხრეს, ვის უბედავ სამსახურიდან გა**ვავო - ავარიის დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი