ვის მოარგეს კანონი სასტუმრო “საქართველოს“ სარფიანად გასაყიდად - ოპოზიციას კითხვები აქვს

17.07.26 14:07
ვის მოარგეს კანონი სასტუმრო “საქართველოს“ სარფიანად გასაყიდად - ოპოზიციას კითხვები აქვს

როგორ უნდა მიიღო 3237.3 კვ.მ მიწის ფართობი თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე 1 ლარად. სტუდია “მონიტორის“ გამოძიებამ აჩვენა, თუ როგორ გაიცემა სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად და როგორ იცვლება კანონი, როდესაც ეს სჭირდება “ქართული ოცნების“ ან მასთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესებს.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, როგორ გადაიყიდა სასტუმრო “საქართველო“ ორჯერ უფრო ძვირად, რომელიც “ქართუ“ ბანკის“ იპოთეკით იყო დატვირთული, ვიდრე წინა მფლობელმა კომპანიამ იყიდა.

  • საქმე ის არის, რომ 2025 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ გამოსცა დადგენილება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ”, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული წინაპირობების გარეშე დაუშვებელი გახდა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ვინმესთვის გადაცემა.
  • ირაკლი კობახიძემ, რომელიც თავად მოიხსენიებდა სიმბოლურ ფასად პრივატიზაციის პრაქტიკას მანკიერად, 2026 წლის 26 მარტს დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის საფუძველზეც 27 მარტს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც შპს საქართველო 2030-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირის №12-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობიდან 3237.3 კვ/მ ფართი.

სტუდია “მონიტორის“ გამოძიებიდან ირკვევა, რომ სასტუმრო “საქართველოს” შენობა შპს “საქართველო 2030”-მა 18 მლნ დოლარად იყიდა 2024 წლის ბოლოს “ქართუ ბანკიდან” ისე, რომ იპოთეკარად იგივე “ქართუ ბანკი” რჩებოდა. მთავრობის დადგენილებისა და პრემიერის განკარგულების შედეგად კი, შპს “საქართველო 2030”-მა 3237.3 კვ.მ ფართი დაიმატა 1 ლარად სახელმწიფოსგან, შემდეგ კი მთელი ეს ქონება 33 040 000 ევროდ [დღგ-ს ჩათვლით] გაყიდა. 

  • შპს “საქართველო 2030”-ის 50% სს “ფინვესტ საქართველოს” ეკუთვნის, 30% – შპს “ბლოქ სთოუნ კაპიტალს”, 20% კი – შპს “ბლოქ სთოუნ ჯგუფს”. “ბლოქ სთოუნ კაპიტალი” [ყოფილი “რემიქს ჯგუფი”] ბიზნესმენ ლაშა კვაჭაძეს ეკუთვნის, “ბლოქ სთოუნ ჯგუფი” კი [ყოფილი “ბლოიქსი”] მის ცოლს – მზია გიგაურს. გასულ წელს სწორედ მზია გიგაურმა აჩუქა მის მიერ დაფუძნებულ კომპანია “ვისიონარიში” 30-30% წილები თბილისის მერის –  კახა კალაძის ცოლს, ანა არეშიძესა და პარლამენტარ გიორგი ბარვენაშვილის ცოლს, მაია მაისაძეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ ასე მუშაობს სისტემა, არსებობს კანონი, თუმცა, კანონი არ მუშაობს მაშინ, როცა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესები ჩნდება საქმეში.

ივანიშვილის პოლიტიკური სისტემა ზოგადად მოქმედებს ასე, არსებობენ 2 კატეგორიის მოქალაქეები. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, ივანიშვილთან დაახლოებული პირები, ვისთვისაც კანონი კანონი არ არის და შეიძლება შეიცვალოს. ის წესი, რომელსაც უკანასკნელი გამოსვლის დროს პრემიერი პარლამენტში დიდი ყელყელაობით ტრაბახობდა, რომ თურმე გააუქმა მანკიერი პრაქტიკა 1 ლარად პრივატიზებისა, მოქმედებს ისეთი ხალხისთვის, მაგალითად, როგორიც არიან კვაჭაძეები, დაახლოებული პირები ივანიშვილის კართან,  მათთვის ეს წესი არ მოქმედებს. აქ მოხდა ჩვეულებრივი მაქინაცია, მათ ეს ქონების დიდი ნაწილი გადაეცათ ფაქტობრივად უსასყიდლოდ, შემდეგ იმისთვის, რომ კოლოსალური მოგება ენახათ გადაყიდვის მომენტში, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

“ოცნების“ დამახასიათებელი ქცევაა ის, რომ განკარგულებები და დაგენილებები კონკრეტულ კომპანიებს მოარგონ და  შემგდომ უკვე თავი გაიმართლონ, - ამბობს ბესო დონაძემ და მიიჩნევს, რომ “ივანიშვილის გუნდისთვის ყველაფერი მიღწევადია და კანონი მორგებადი.“

“ქართული ოცნების“ დამახასიათებელი ქცევაა ის, რომ განკარგულებები და დაგენილებები კონკრეტულ კომპანიებს მოარგონ და  შემგდომ უკვე თავი გაიმართლონ, რომ თითქოს ეს ყველაფერი კეთდება გაჯანსაღებისთვის. რაღაც ტექნიკური “გაპრავება“ მოიფიქრეს, რომ რაღაც აზომვები დავაზუსტეთ, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ნაყიდი ჰქონდათ და ამიტომ ის ფართი, რაც დარჩა სახელმწიფოს ხელში, უნდა გადავცეთ. მათთვის ყველაფერი მიღწევადია და კანონი მორგებადი, თუ ის ეხება ივანიშვილის კონკრეტულ, როგორც ფულად ინტერესს, ისე პოლიტიკურ ინტერესს, მაშინ ყველაფერი იცვლება. მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერ ჩაიდო ბანკში, რამდენჯერ გადაიყიდა, რამდენი კლიენტი გამოიცვალა, თურმე არავის გაუკეთებია აზომვითი ნახაზი და ახლა დაზუსტდა, - აცხადებს ბესო დონაძე.

პოლიტიკოსი საბა ბუაძე ვარაუდობს, რომ რეგულაციების ერთ დღეში ცვლილება იმას უკავშირდება, რომ ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც სასტუმრო “საქართველო“ იყიდა და გაყიდა, კახა კალაძესთასნ და მის ინტერესებთანაა დაკავშირებული. 

ჩემს წარმოდგენაში ეს ბიზნეს ჯგუფი დაკავშირებულია კახა კალაძესთან და მის ინტერესებთან და სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ამ რეგულაციების ერთ დღეში ცვლილება ხდება იმისთვის, რომ ამ ბიზნესჯგუფებს გაუმატივონ ცხოვრება, მიიღონ დამატებით კიდევ უფრო დიდი შემოსავალი და ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს და ადმინისტრაციული რესურსების ხარჯზე, - ამბობს საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები