სახალხო დამცველი მოქალაქეებისთვის კარვების გაშლაზე შეზღუდვის დაწესებას უკანონოდ აფასებს

17.07.26 12:47
სახალხო დამცველი მოქალაქეებისთვის კარვების გაშლაზე შეზღუდვის დაწესებას უკანონოდ აფასებს

სახალხო დამცველი უკანონოდ აფასებს, მოქალაქეებისთვის კარვების გაშლაზე შეზღუდვის დაწესებას. საუბარია დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელების პროტესტზე მთავრობის ადმინისტრაციასთან.

“გამოიკვეთა შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის შემთხვევები“, -  წერია ლევან იოსელინის დასკვნაში. 

ლევან იოსელიანი მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლა, მას არ მოუთხოვია იმ პოლიცილების დასჯა, ვინ უფლებამოსილებას გადაამეტა.

საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, შეკრება/მანიფესტაციების გამართვისას, განიხილოს ჩატარების კონკრეტული ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის, მასთან დაკავშირებული დროებითი კონსტრუქციების მოწყობის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს სავალდებულო მითითებები. აღნიშნული სავალდებულო მითითებების გაუთვალისწინებლობა იწვევს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას. ამდენად, სამინისტრო აღიჭურვა შეკრება/მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული სავალდებულო მითითებების გაცემის დისკრეციული უფლებამოსილებით.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ფარგლებში (მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირთა, მათი მშობლების და მხარდამჭერების აქციები) გამოვლინდა, რომ სამინისტრომ ზეპირი და წერილობითი ხასიათის მითითებები გასცა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის, აგრეთვე, დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო მითითებების მიცემისას/მასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებისას გამოიკვეთა შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის შემთხვევები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს:

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის, აგრეთვე, დროებითი კონსტრუქციების მოწყობაზე სავალდებულო მითითებების მიცემისას, იხელმძღვანელონ და თითოეულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებებში/ზეპირ მითითებებში აისახოს დეტალური დასაბუთება საქმეში არსებულ იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა მხედველობაში მიღებითაც გახდა აუცილებელი შეზღუდვების დაწესება, აგრეთვე, მსჯელობა კონკრეტულად რომელი შემხვედრი სიკეთის დაცვას ემსახურება შეზღუდვა და რატომ აღემატება შეზღუდვით დაცული სიკეთე შეკრების თავისუფლებით სარგებლობის ინტერესს;
დამატებით, შეკრებასა და მანიფესტაციაში შშმ პირთა, მათ შორის, შშმ ბავშვთა მონაწილეობის შემთხვევაში, სავალდებულო მითითებების მიცემისას, მხედველობაში იქნეს მიღებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, მათ შორის, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების, გონივრული მისადაგებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპები, - წერია დასკვნაში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: