არქიტექტორთა ასოციაცია რიყის დოქების დანგრევას ვადალიზმად აფასებს
მასიმილიანო ფუქსასის ნამუშევრის დანგრევა აღიქმება როგორც კულტურული ვანდალიზმი და უპატივცემულობა მსოფლიო დონის ხელოვნების მიმართ, - ასე ეხმიანება "ოცნების" გადაწყვეტილებას არქიტექტორთა ასოციაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, უნიკალური ნაგებობის დემონტაჟის ნაცვლად შესაძლებელი იყო მისი ახალი ფუნქციით დატვირთვა, თუმცა Studio Fuksas-ის არაერთ მცდელობას, მთავრობასთან თანამშრომლობისა და უფასო კონსულტაციების შეთავაზების შესახებ, პასუხი არ მოჰყოლია.
მასიმილიანო ფუქსასი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორია. მისი ნამუშევრის დანგრევა აღიქმება როგორც კულტურული ვანდალიზმი და უპატივცემულობა მსოფლიო დონის ხელოვნების მიმართ.
საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ ეთმობა ასეთი დიდი ყურადღება და რესურსი უკვე არსებული, უნიკალური ნაგებობის დემონტაჟს, მაშინ როდესაც ქალაქის სხვა ნაწილებში უხარისხო და ქაოტური მშენებლობები შეუფერხებლად გრძელდება.
ექსპერტები ითხოვდნენ ღია საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებას, რათა არქიტექტორებს შენობის შიდა სივრცე ახალი რეალობისთვის მოერგოთ. ნაცვლად დანგრევისა, არსებული კარკასის ბაზაზე შესაძლებელი იყო სასტუმროს, კომერციული თუ საზოგადოებრივი ცენტრის ინტეგრირება.
ვინაიდან ერთ-ერთი დოქი თავიდანვე საგამოფენო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, არსებობდა იდეა, რომ ნაგებობა ქცეულიყო მულტიფუნქციურ კულტურულ ჰაბად, სადაც მოეწყობოდა საერთაშორისო გამოფენები, ბიენალეები და სახელოვნებო პერფორმანსები.
განიხილებოდა შენობის გარდაქმნა ინოვაციების, სტარტაპებისა და ციფრული ტექნოლოგიების სივრცედ (მსგავსად Silicon Valley-ს ტიპის ჰაბებისა), რაც ახალგაზრდებისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდებოდა.
თავად Studio Fuksas ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებას. ისინი სთავაზობდნენ უფასო კონსულტაციებსა და ერთობლივ მუშაობას, რათა შენობის დემონტაჟის გარეშე მოეძებნათ ახალი ფუნქცია, თუმცა მათ წინადადებებს პასუხი არ მოჰყოლია
და ბოლოს!
საერთაშორისო ურბანული სტანდარტებით, დემონტაჟი არის ეკოლოგიური და ეკონომიკური დანაშაული, რადგან:
- შენობის აშენებაზე უკვე დაიხარჯა უზარმაზარი რესურსი (დაახლოებით 75 მილიონი ლარი).
- დემონტაჟი თავად მოითხოვს დიდ ფინანსურ ხარჯებს და აბინძურებს გარემოს.
- იკარგება უნიკალური არქიტექტურული ფორმა, რომლის ანალოგის შექმნაც მომავალში შეუძლებელი იქნება.
ტენდენცია გვიჩვენებს, რომ განვითარებული ქალაქები ყოველთვის ირჩევენ ადაპტაციასა და რეკონსტრუქციას, რადგან ნებისმიერი რთული არქიტექტურული ფორმის მქონე შენობის მორგება ახალ ფუნქციაზე (თუნდაც სასტუმროზე) თანამედროვე ინჟინერიისთვის სრულიად გადაჭრადი ამოცანა, - ნატქვამია ინფორმაციაში.
თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.
ასევე ნახეთ:
ცნობისთვის, „რიყის დოქები“, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა და თავდაპირველად საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის შენდებოდა, 14 591 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.