მედია: რუსეთში, Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

18.07.26 12:34
მედია: რუსეთში, Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

რუსეთის ტამბოვის ოლქში, კოტოვსკში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე უკრაინული დრონების შეტევის შედეგად 7 ადამიანი დიაღუპა  - ამის შესახებ ტამბოვის გუბერნატორმა, ევგენი პერვიშოვმა განაცხადა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.

Wildberry-ის პრესსამსახურის ცნობით, დარტყმა მიაყენეს კომპანიის ობიექტს მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალშიც. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ იქ 24 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობაც მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში სტრატეგიულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს ადასტურებს.

​"დღეს ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები ეფექტური აღმოჩნდა სამ რეგიონში რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ მიწებსა და ზღვაზე.  სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის თავდასხმების საპასუხოდ, დარტყმა განხორციელდა ორ მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტზე  მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში, ფრონტის ხაზიდან 500-ზე მეტი და დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით. აგრესორი ამ ობიექტებს დრონებისა და სანავიგაციო მოწყობილობების წარმოებისთვის საჭირო სანქცირებული კომპონენტების მისაწოდებლად იყენებდა. დარტყმა, ასევე, განხორციელდა ნავთობის ობიექტზეც. გარდა ამისა, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა იერიში მიიტანეს სამიზნეებზე აზოვისა და შავ ზღვებში, ისევე როგორც ჩვენს დროებით ოკუპირებულ ყირიმში"-წერს პრეზიდენტი.