ის ხალხი მაოცებს, ჩემი შვილი თუ ცოცხალია, დანარჩენებს თავში ქვა გიხლიათო, რომ ფიქრობენ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვერაზე მომხდარ საშინელ ამბავზე წერს და იმ ხალხის უმოქმედობას უსვამს ხაზს, ვინც მისი თქმით, თუ თვითონ კარგადაა, სხვის უბედურებაზე არც კი ფიქრობს.
ინფექციონისტი თავის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაზეც საუბრობს, სადაც აგრარულ/თავისუფალ უნივერსიტეტი საველე ბანაკის გამო გააკრიტიკა და სტუდენტებისთვის საფრთხის შემცველ გარემოზე ისაუბრა.
როგორც ბუწაშვილი ამბობს, რომ თავად გამოსცადა საზოგადოების მხრიდან “შემოტევა“, როდესაც მისივე პოსტის ქვემოთ კომენტარებში შეუვარდნენ და ეუბნებოდნენ, “ვინ მოგცა უფლება ხმას რომ იღებ და სხვებსაც აფრთხილებ, ყურადღებით იყვნენო?”
წუხელ ვერაზე საშინელი ამბავი მოხდა. ისეთი, თავზარს რომ დაგცემს და შენს საკუთარ პრობლემებს აუფერულებს.
ის ხალხი მაოცებს, თვითონ თუ კარგად არის, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა. ჩემი შვილი თუ ცოცხალია, ჩემი შვილი თუ ციხეში არ არის, თუ არ უცემიათ, დანარჩენებს თავში ქვა გიხლიათო, რომ ფიქრობენ.
ჩემთანაც ბევრი ასეთი პათოსით იყო შემოვარდნილი - “მე ან ჩემი შვილი ბანაკში კარგად იყო და შენ რატომ პანიკობ, შენი შვილი და სხვა სტუდენტები თუ ცუდად არიან, ვინ მოგცა უფლება ხმას რომ იღებ და სხვებსაც აფრთხილებ, ყურადღებით იყვნენ?”
მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს და ლაბორატორიას, რომ უნივერსიტეტისგან განსხვავებით, (რომელმაც ჩემი პოსტის შემდეგ სექტა შემომასია და ოდნავაც არ ეცადა დაენახა პრობლემა), რეალურად შეაფასეს რისკი, ოპერატიულად გამომეხმაურნენ, აიღეს ნიმუშები და ძალიან სწრაფად ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევები. სამწუხაროდ ერთ ინფექციაზე (ჩემი შვილი კია, მაგრამ სამედიცინო დეტალებზე მაინც თავს შევიკავებ) დადებითია. ორ კვირაში კიდევ რამდენიმე ინფექციაზე კვლევა გვაქვს, რომელსაც დრო ჭირდება, რომ ტესტირება სარწმუნო იყოს. რადგან უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ დედის და მამის სამედიცინო დასკვნას არ ენდობიან და სხვა სპეციალისტის დასკვნა ჭირდებათ, ჩვენი კლინიკის ლაბორატორიის შედეგებზე არ ვაკეთებ აქცენტს.
იმ ჭკუის კოლოფების საყურადღებოდ, მწერების საწინააღმდეგო სპრეი რატომ არ გაატანე და ტკიპების ამოღება რატომ არ ასწავლეო, რომ მმოძღვრავდენენ, თან ჰქონდა და ტკიპების რისკიც შესანიშნავად იცის, უბრალოდ ეს საშუალებები ჯადოსნური არ არის და როცა მწერების აურაცხელი რაოდენობაა, ასის მაგივრად შეიძლება 10-მა გიკბინოს, თუმცა ერთიც საკმარისია ინფექციის გადასატანად. და როცა ადამიანი საღამოს კარავში იძინებს და დილით რამდენიმე ტკიპა ხვდება კანში ჩაჭედილი, იქ რომელ პრევენციაზეა ლაპარაკი.
უამრავი მოწყობილობა არსებობს მწერების შემოტევის შესამცირებლად ბანაკის ტერიტორიაზე, მაგრამ ამაზე არავის უზრუნია. ბანაკის ადგილსაც ჭირდება ცოტა გონივრულად შერჩევა.
სწორედ იმიტომ, რომ კოორდინატორებისგან განსხვავებით, ჩემი შვილი გარკვეული იყო საკითხში, შემატყობინა პრობლემის შესახებ და სხვა სტუდენტებსაც აფრთხილებდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ტკიპების მოშორება. კარვებში მთელი სხეულის წესისამებრ დათვალიერება რომ შეუძლებელია, ჭკუის კოლოფებმა ესეც გაითვალისწინეთ.
სექტის წევრების მიერ კი მანტრასავით ერთი და იგივე ფრაზების გამეორებას, რომ მე სტუდენტებს “ბავშვები” ვუწოდე (თურმე მთელი პრობლემა ამაში მდგომარეობს) და რომ ბანაკებში ყველაფერი იდეალურადაა, ჯობდა პრობლემა ეღიარებინათ და დაპირებოდნენ სტუდენტებს და მშობლებს, რომ იზრუნებენ სიტუაციის გაუმჯობესებაზე.
რაც მე ჩემი პოსტის ქვეშ აგრარული/თავისუფალი უნივერსიტეტის საველე ბანაკებში არსებულ საშინელ სიტუაციებზე წავიკითხე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, სამწუხაროდ, და მაფიქრებინა, რომ საჭირო იყო ამ საკითხზე ხმის ამოღება, - წერს ბუწაშვილი.