აფგან სადიგოვის ცოლი ამბობს, რომ უთვალთვალებენ, დევნიან და აშანტაჟებენ
აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ საფრანგეთში მას უთვალთვალებენ, დევნიან და აშანტაჟებენ. ამის შესახებ მან "ნეტგაზეთთან" განაცხადა.
სევინჩ სადიგოვას თქმით, მიზეზი მისი საჯარო აქტივობა და ქმრის შესახებ განცხადებებია.
მე არ ვდუმვარ. ვაპროტესტებ, ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, ვმართავ პირდაპირ ეთერებს და მიმდინარე მოვლენებს საჯაროდ ვახმაურებ. სწორედ ამის გამო საფრანგეთში მითვალთვალებენ, მდევნიან და მაშანტაჟებენ," – აცხადებს "ნეტგაზეთთან" საუბარში სადიგოვა.
სევინჩ სადიგოვა აღნიშნავს, რომ მან უკვე მიმართა საფრანგეთის პოლიციას, სამართალდამცავებს გადასცა იმ პირების ფოტოები და ვიდეომასალა, რომლებიც, მისი თქმით, მას უთვალთვალებენ. ასევე წარუდგინა მუქარის, შანტაჟისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველი შეტყობინებები.
როგორც აფგან სადიგოვის ცოლი განმარტავს, საფრანგეთის პოლიციამ საქმე კონტროლზე აიყვანა. მისი თქმით, მისი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციური კონტროლი ხორციელდება და ამ საკითხს სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან.
იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც მითვალთვალებენ და მემუქრებიან, უახლოეს პერიოდში დადგინდებიან, დაეკისრებათ პასუხისმგებლობა და სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ამ ეტაპზე მდგომარეობა სწორედ ასეთია," – თქვა სევინჩ სადიგოვამ.
საქართველოდან დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში, უკვე შეწყვეტილ საქმეზე კვლავ დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 4 აპრილს, ღამით აფგან სადიგოვი თბილისში მდებარე სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აზერბაიჯანში გააძევეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მხარის მიერ კანონის უხეში დარღვევის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.