ყულევის ტერმინალს ყოფილი თანამშრომელი უჩივის - პაპუნა პაჭკორიას ტერფის ამპუტაცია დასჭირდა
2025 წლის 20 ივნისს პაპუნა პაჭკორიას ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა. ყულევის ტერმინალში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მას თბომავალი დაეჯახა და ფეხზე გადაუარა. 48 წლის მამაკაცს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დღეს კი დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს.
პაპუნა პაჭკორია ამბობს, რომ შემთხვევის შემდეგ არაერთხელ მიმართა ტერმინალის ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით. მისი თქმით, ერთადერთი, რაც მიიღო, იყო მოწოდება, რომ ოჯახს მედიასთან არ ესაუბრა.
ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევის დღეს პაპუნა პაჭკორია იმ ადგილზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. მათი განცხადებით, ლიანდაგების შემკეთებლად დასაქმებული მამაკაცი დამატებით, მოთიბვა-შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად გამოიძახეს. სწორედ ამ სამუშაოს შესრულების დროს გადაუარა მას ფეხზე მატარებელმა. ოჯახი ვარაუდობს, რომ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული იყო და მძიმე შემთხვევაც სწორედ ამან გამოიწვია.
დაზარალებულის უფლებადამცველის განცხადებით, საქართველოში ისეთი ტიპის პროთეზის დამზადება, რომელიც პაპუნა პაჭკორიას სჭირდება, ამ ეტაპზე არ ხერხდება და მკურნალობის გასაგრძელებლად მისი თურქეთში გადაყვანაა აუცილებელი. ადვოკატის თქმით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ყულევის ტერმინალი ხარჯების დაფინანსებაზე უარს ამბობს და პასუხისმგებლობას არ იღებს.
მას შემდეგ, რაც შეთანხმება ვერ შედგა, 2026 წლის თებერვალში პაპუნა პაჭკორიას ოჯახმა ყულევის ტერმინალის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.