საქმეების გარჩევა ქურდული წესებით და მკვლელობის მუქარა - რა ისმის შსს-ს მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერში
კანონიერი ქურდის, მეტსახელად „ხონსკის“, ფარული სატელეფონო ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულ მასალაში ისმის, როგორ განიხილავს მამუკა ჩხაბერიძე ხონელ და ლეჩხუმელ მძღოლებს შორის წარმოშობილ ფინანსურ დავას.
ჩანაწერის მიხედვით, ჩხაბერიძე საკუთარი დაჯგუფების წევრს კონკრეტულ მითითებებს აძლევს და დავის მოსაგვარებლად საქმეში ქუთაისიდან ან წყალტუბოდან, მისი თქმით, „ნეიტრალური“ პირების ჩართვას ითხოვს.
ეს სატელეფონო საუბარი იმ ფარული ჩანაწერების მხოლოდ ნაწილია, რომლებიც გამოძიებამ მოიპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების მასალები მიუთითებს, რომ ქურდული წესებით ფინანსური დავების არაერთი საქმე წყდებოდა.
გამოძიების ვერსიით, იმ პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფი მამუკა ჩხაბერიძის გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებოდნენ ან თანხის გადახდაზე უარს აცხადებდნენ, დაჯგუფების წევრები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.
მუქარისა და ძალადობის ჩანაწერები
მამუკა ჩხაბერიძე, რომელიც, გამოძიების ცნობით, საქართველოში არსებულ ფინანსურ დავებს უცხოეთიდან მართავდა, მედიის ყურადღების ცენტრში ბოლოს ხუთი წლის წინ მოექცა. ის უკრაინაში დააკავეს, სადაც ბრალად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა ედებოდა.
იმ პერიოდში უკრაინულმა მხარემ საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩხაბერიძის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ მამუკა ჩხაბერიძეზე ოფიციალურად გამოცხადდება ძებნა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.