პატრულის თანამშრომელი და მისი მეგობარი თაღლითობის ბალდებით დააკავეს - რას ყვება დაზარალებული ქალი
სკანდალური ინტერვიუ, რომელიც დაზარალებულმა ქალმა „ინფო იმერეთს“ მისცა. მისი განცხადებით, თაღლითური სქემის შედეგად პატრულის თანამშრომელმა ბექა ფუტკარაიამ და მისმა მეგობარმა დავით სიამაშვილმა მას 30 ათასი ლარი და 6 500 დოლარი გამოსძალეს.
ქალის მონათხრობის მიხედვით, დავით სიამაშვილი სოციალურ ქსელში გაიცნო. მათი ურთიერთობა მალევე დაახლოვდა და რამდენჯერმე პირადადაც შეხვდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ გაცნობიდან რამდენიმე კვირაში მამაკაცმა მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა ფული აღარ დაუბრუნებია.
დაზარალებული ყვება, რომ ერთ-ერთ ბრალდებულთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. მისი თქმით, ნდობის მოსაპოვებლად ისინი სისტემატურად ხვდებოდნენ, ამ შეხვედრებს კი, როგორც თავად ამტკიცებს, პატრულის თანამშრომელი ბექა ფუტკარაიაც ესწრებოდა.
ქალის განცხადებით, მოგვიანებით ბრალდებულებმა ძვირფასი ნივთების დაგირავება აიძულეს, შემდეგ კი სესხიც ააღებინეს. დაზარალებული ამბობს, რომ როდესაც თანხის დაბრუნება მოითხოვა, ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. მისი თქმით, უთხრეს, რომ კბილებს ჩაულეწავდნენ.
პატრულის თანამშრომელი ბექა ფუტკარაია და მისი მეგობარი დავით სიამაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ისინი ამ დროისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
ბექა ფუტკარაიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ფუტკარაიას თაღლითურ სქემასთან კავშირი არ ჰქონია.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.