მთავრობამ 319 ახალი პიკაპის შესაძენად 29 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა

29.07.26 00:16
მთავრობამ 319 ახალი პიკაპის შესაძენად 29 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 319 ახალი პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 836 643 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია სპეციალიზებული კლასის პიკაპების შეძენა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გადანაწილდება.

მათივე ცნობით, ყველაზე დიდი რაოდენობა გადაეცემა სურსათის ეროვნულ სააგენტოს - 90 ერთეული, ეროვნულ სატყეო სააგენტოს - 50 ერთეული, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას - 33 ერთეული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს - 30 ერთეული, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს - 28 ერთეული.

გამოცემა წერს, რომ ავტომობილებს ასევე მიიღებენ საქართველოს მელიორაცია (25 ერთეული), შემოსავლების სამსახური (18 ერთეული), დაცული ტერიტორიების სააგენტო (10 ერთეული), ველური ბუნების ეროვნული სააგენტო (9 ერთეული), აჭარის სატყეო სააგენტო (5 ერთეული) და სხვა უწყებები. ტენდერში წინადადებების მიღება 2 აგვისტოს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება. ავტომობილების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.