20 ივნისის საქმე - სასამართლოში ჟურნალისტი, თორნიკე კოშკაძე იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - ამ დროისთვის, სხდომაზე გამოცემა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი, თორნიკე კოშკაძე იკითხება.
როგორც სასამართლოდან "პირველებს" კოორესპოდენტი იტყობინება, თორნიკე კოშკაძე უშუალო მოწმე და თვითმხილველია, თუ როგორ ისროდნენ რეზინის ტყვიებს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები აქციის მონაწილეების მიმართულებით.
თორნიკე კოშკაძემ სასამართლოში 20 ივნისის ღამე გაიხსენა და თქვა, რომ საპოლიციო ძალების მიერ ნასროლი რეზინის ტყვია თავში მოხვდა, რის შემდეგაც ჯგუფმა სასწრაფო დახმარების მნაქანაში გადაიყვანა და სწორედ მაშინ დაინახა მაკო გომური, რომელიც "სისხლში ცურავდა".
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატს, ბერდია სიჭინავას არ ესმის, რატომ მოჰყავს სასამართლო პროცესებზე პროკურატურას აღნიშნული მოწმეები, რომლებიც გიორგი გახარიას ბრალეულობასთან დაკავშირებით ვერაფერს ამბობენ.
სრულიად გაუგებარია, საერთოდ რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს ამ პროცესზე გამოცხადებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერცერთი ადამიანი ვერაფერს გიორგი გახარიას ბრალეულობასთან მიმართებით ვერ ამბობს, შესაბამისად არავინ ეჭვქვეშ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ამ ადამიანებს 20 ივნისს ნამდვილად აქვთ დაზიანებები მიღებული. არ არსებობს მტკიცებულება და მათ შორის პროკურატურის მიერ ბრალის შესახებ დადგენილებითაც დადასტურებულია, რომ გიორგი გახარიას არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება, შესაბამისად ამ ადამიანების მიერ მიღებული დაზიანებები ვერ იქნება რაიმე შედეგობრივ კავშირში გიორგი გახარიას კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან, მოქმედებასთან, ან უმოქმედობასთან დაკავშირებით.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი პალატით - ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად უკანონოდ იყენებს იმის გასამართლებლად, რომ გიორგი გახარიას დასდოს ბრალი ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით.
ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო, შუამდგომლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ PACE-ს ეს ანგარიში აუცილებლად მოხვდება საერთაშორისო სასამართლოების დონეზე და მათ შრის, სტრასბურგის სასამართლოსაც მსჯელობა მოუწევს," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ [პროცესის დაწყებამდე].
როგორც ცნობილია, თორნიკე კოშკაძის შემდეგ, დღევანდელ პროცესზე, კიდევ ერთი მედიის ოპერატორი დაიკითხება.
20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
- ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.