მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამსახურს, რომელსაც ხალხმა ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამმართველო შეარქვა

01.08.26 14:17
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამსახურს, რომელსაც ხალხმა ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამმართველო შეარქვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თვეში "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“, რომელსაც საზოგადოება ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს უწოდებს, 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

უწყებამ შესაბამისი პრეზ-რელიზი დღეს, 1 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.

  • შეხვედრას ესწრება სამმართველოს ხელმძღვანელი თამთა ქიმბარიშვილი, რომელმაც მოსახლეობას თავი პროტესტთან დაკავშირებული არაერთი ადმინისტრაციული საქმის განხილვიდან დაამახსოვრა.

შს სამინისტროს ცმობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების  გამოვლენასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები. აღინიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.

სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის და ძალადობის წამახალისებელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია"- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ 1 ივნისიდან ფუნქციონირებს.

სოციალური ქსელის მონიტორინგის შედეგად, ათობით ადამიანს სოლიდური ჯარიმა დააკისრეს. ჟურნალისტი ვახო სანაია კი პირველი იყო, რომელსაც 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.