სამი წელი შოვის ტრაგედიიდან - ვინ არის პასუხისმგებელი
შოვის ტრაგედიიდან სამი წლის თავზე, გამოძიება ისევ ვერაფერს ამბობს. გარდაცვლილთა ნათესავებს საქმის მასალებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. საქმეს გრიფი ადევს და პროკურატურაც არაფერს ამბობს. გარდაცვლილების ნათესავები არ გამორიცხავენ, რომ მალე დავას სტრასბურგის სასამართლოში დაიწყებენ, რადგან ამ დრომდე ვერავინ თქვა ვის უპასუხისმგებლობას ემსხვერპლა 33 ადამიანის სიცოცხლე. დღეს შოვში ირაკლი კობახიძე ჩავიდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, რა გაირკვა ამ სამი წლის განმავლობაში, ან რა გაკეთდა, ახალი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, ის ისევ სამომავლოდ გასაკეთებელზე საუბრობდა, მაგრამ რა როდის იქნება მზად - ვერც დღეს გავიგეთ.
ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" იმასაც ვერ ამბობენ, როდის დაამონტაჟებენ წინასწარი გაფრთხილების სისტემებს რისკის შემცველ მაღალმთიან დასახლებებში. ეს არის დაპირება, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებამ წლების წინ გასცა. ღვარცოფი ყველგან ხდება - თქვეს დღეს "ოცნებაში", ეს არის მათი პასუხი კითხვაზე, როცა ვინტერესდებით რატომ არ გააჩნია ქვეყანას წინასწარი გაფრთხილების სისტემები.
სამი წლის წინ შოვის კოტეჯებში ჩამოწოლილ ღვარცოფს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები და მცირე წლოვანი ბავშვები. არსებობს ოფიციალური შეტყობინება, რომელიც სამი წლის წინ, სტიქიამდე 48 საათით ადრე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო უწყებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გაუგზავნა. ახლა ჩნდება კითხვა: პასუხისმგებელ პირებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გაფრთხილების წერილი რომ არ დაეიგნორებინათ, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა საშიში ზონიდან ადამიანების ევაკუაცია?