პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა დაამტკიცა
პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა, რომელსაც ხელი 2025 წლის 27 დეკემბერს მოეწერა.
რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ დოკუმენტის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის ხელშეწყობა.
განცხადების მიხედვით, ფინანსური დახმარების სახსრები მიიმართება განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკისა და კულტურის სფეროებზე, ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ფულადი სარგოსა და სოციალური გარანტიების გაზრდაზე, ამასთან, „რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ინფორმაციით, 2026 წელს რუსული ფინანსური დახმარებიდან 6 მილიარდი რუბლს გამოყოფენ, საიდანაც 4.5 მილიარდი რუბლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, 1.3 მილიარდი რუბლი საბიუჯეტო ინვესტიციებს, ხოლო 0.2 მილიარდი რუბლი ეკონომიკის დარგების მხარდაჭერას მოხმარდება.
რუსული მედია აღნიშნავს იმასაც, რომ დასრულდა მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტის რატიფიცირებაც, რომლის ფარგლებშიც პუტინმა აფხაზეთთან „სამეცნიერო ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმებაც დაამტკიცა.