ახალი მტკიცებულებები ლილუაშვილის საქმეში - ბრალდებამ ანდრია ლილუაშვილის სახლიდან ამოღებული ტელეფონის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა მიიღო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსის საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, ანდრია ლილუაშვილის სახლიდან ამოღებული ტელეფონის ექსპერტიზა დასრულდა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ მიიღო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რაც ნიშნავს, რომ მიიღეს გარკვეული მიმოწერა, აუდიო საუბრები და ფოტო-ვიდეო მასალა.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ამოღებულია მნიშვნელოვანი მიმოწერები კონკრეტულ "ქოლ-ცენტრთან" მიმართებით და ამ მიმოწერიდან "ცალსახად დასტურდება" დაკითხული მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
გამოძიების ეტაპზე, ამ სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულია, ანდრია ლილუაშვილის ბინის და პირადი ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, მის პირად ტელეფონებზე მაქვს საუბარი, აღნიშნულ ტელეფონებზე დანიშნული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზა. დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარემ მიიღო შუალედური დასკვნა კომპიუტერული ექსპერტიზის, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მიმოწერა, აუდიო საუბრები, ფოტო-ვიდეო მასალა იქნა მიღებული ბრალდების მხარის მიერ ამ ექსპერტიზის ფარგლებში. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორები არის, მათ შორის კონკრეტულ "ქოლ-ცენტრთან" მიმართებით არის მიმოწერები და საქმეშ ფიგურანტი პირები, მათ შორის ვინც დაკითხულია და მიაწოდეს სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათი მონაყოლი ამ მიმოწერიდან ცალსახად დასტურდება.
უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებაზე რა მიმოწერაა, რა ადასტურებს ბრალდების მხარის პოზიციას, კიდევ ერთხელ, ჯერ რაც არ არის დართული, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, დაცვის მხარის კომენტარი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩაიწერა, რა დროსაც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს ახალი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია და მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დასრულების შემდგომ, დაცვის მხარე დაიწყებს თავის მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენ მიერ დასახელებულია ნუსხაში, როგორც მოწმეები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები. იმისდა მიხედვით, თუ რა წარმოადგინა ბრალდების მხარემ, იმის პროპორციულად დაცვის მხარე თავის მტკიცებულებებს წარმოადგენს სასამართლოში, რაც ბუნებრივია მიზნად ისახავს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობის დადასტურებას.
ბრალდების მხარე, მიუხედავად იმისა, რომ 4 ეპიზოდთან დაკავშირებით ედავება ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, ამ შემთხვევაში საუბარია ქრთამის აღების ფაქტზე, არცერთ ეპიზოდში ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რომ დასტურდებოდეს მსგავსი კატეგორიის მტკიცებულება, მით უმეტეს პირდაპირი სახის, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. ვიმედოვნებ და იმედს ვიტოვებ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოხდება სასამართლოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ანუ გამოვა გამამართლებელი განაჩენი. ბუნებრივია, უდანაშაულო ადამიანს, რომლის მიმართაც არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს და მით უფრო მას არ ჩაუდენია არანაირი სახის დანაშაული, მოლოდინი იმისა, რომ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს, მის მიმართ, არსებობს და აქვს," - განაცხადა ლანა ცერცვაძემ პროცესის დაწყებამდე.
პროცესის დაწყების შემდეგ დაცვის მხარემ სხდომის გადადება მოითხოვა, სწორედ მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული დოკუმენტაცია წარადგინა.
დაცვის მხარისთვის ახლა მნიშვნელოვანია, ჯერ დოკუმენტებს გაეცნონ, რომლის საქმეზე დართვასთან დაკავშირებითაც მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.
პროცესი ხვალ, 6 აგვისტოს, 15:00 საათზე განახლდება.
- ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.