სასკოლო ფორმები - მშობლები ახალ სასწავლო წელს ახალი ფინანსური ტვირთით ხვდებიან
მშობლები ახალ სასწავლო წელს ახალი ფინანსური ტვირთით ხვდებიან. უკვე დაიწყეს ფიქრი როგორ უნდა უყიდონ შვილებს სასკოლო ფორმები, ამის ფონზე კი განათლების სამინისტროს ახალი ბრძანების მიხედვით ირკვევა რომ, ფორმები ფასნამატით გაიყიდება. ანუ თუ მაგალითად პიჯაკის თვითღირებულება 39 ლარია, მშობელს მოუწევს 45 ლარად იყიდოს. არადა ფორმების შესაკერად ბიუჯეტიდან თითქმის 46 მილიონი უკვე გადაუხადეს კომპანიას, რომელიც წარმოებას ჩინეთში ახორციელებს, კორუფციის მკვლევრებს უჩნდებათ კითხვა - სად მიდის ის 11 მილიონის ფასნამატი, რომელიც განათლების სამინისტრომ მშობლების ჯიბიდან უნდა ამოიღოს.
იმ ფონზე, როდესაც საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლების მიღება დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოებისა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პირობებში უწევთ, მშობლები საუბრობენ, რომ სასკოლო ფორმები პრიორიტეტული არ არის და მშობლების ნაწილი ფორმების ყიდვას არ აპირებს.
განათლების მინისტრი მშობლებს, ვინც ფორმების ყიდვას არ აპირებს, ემუქრება და მათ კრიტიკას მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. რა იქნება სასჯელი და რა შეზღუდვები ჩაიწერება შინაგანაწესში, ეს ჯერ არ დაუკონკრეტებია.