"სრულ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მის ოჯახსა და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" გუნდს" - "მედიის ადვოკატირების კოალიცია"

06.08.26 12:41
"სრულ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მის ოჯახსა და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" გუნდს" - "მედიის ადვოკატირების კოალიცია"

"6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" სასამართლომ მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მედიის ადვოკატირების კოალიცია" წერს და დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება". 

6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული საქმე და შემდგომ გამოტანილი პოლიტიზებული განაჩენი წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირ შედეგს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმის ჩახშობა, მედიის დაშინება და სიტყვის თავისუფლების განადგურებაა. მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ქართული ოცნების“ ავტორიტარული სისტემის რეალური სახე.

მზია ამაღლობელმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა და აღიარება. სახაროვის პრემია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული მსოფლიო ხედავს მის ბრძოლას და მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან მოძალადე რეჟიმს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მის ოჯახსა და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" გუნდს და თითოეულ დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება.

სოლიდარობა მზიას!" - წერს მედიის ადვოკატირების კოალიცია.

2026 წლის 6 აგვისტოს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მედია მენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ. 

  • მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

 „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 2025 წლის 12 იანვარს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა. 

მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა - ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება სპეციალური რეზოლუციით მოითხოვეს ევროპარლამენტში. 

მზია ამაღლობელმა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო. 

ჟურნალისტის საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში. დატყვევებული ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

 

მსგავსი სიახლეები