ევროკავშირის წარმომადგენლობა გმობს მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას

06.08.26 12:43
ევროკავშირის წარმომადგენლობა გმობს მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გმობს  „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას.

EU-ს წარმომადგენლობა ჟურნალისტისთვის განაჩენის გამოცხადების წლისთავს X-ზე გამოეხმაურა.

„მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“, - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის X-ზე.

2026 წლის 6 აგვისტოს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მედია მენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ. 

  • მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

 „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 2025 წლის 12 იანვარს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა. 

მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა - ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება სპეციალური რეზოლუციით მოითხოვეს ევროპარლამენტში. 

მზია ამაღლობელმა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო. 

ჟურნალისტის საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში. დატყვევებული ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

 

 

მსგავსი სიახლეები