ონისე ცხადაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
პრო-ევროპულია ქციების მიმდინარეობის დროს დაკავებული, ონისე ცხადაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საპატიმროში არსებულ ვითარებაზე წერს. გზავნილს მისი ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ონისე ცხადაძის ცნობით, ის საკანში პაატა მანჯგალაძესთან და ზვიად ცეცხლაძესთან ერთად იმყოფება, მათ განაჩენის გამოტანის შემდეგ "მომეტებული რისკის" საბუთი მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღია ტიპის დაწესებულებაში ვერ ამოყეფებენ. ამასთან, პაატა მანჯგალაძე ზიარებაზეც კი არ დაჰყავთ, რადგან სხვა პატიმრებთან ერთად ყოფნა არ შეუძლია.
ონისე ცხადაძე წერს, რომ ამ ყველაფრის ფონზე, სამი დღის წინ ნახევარი საათის ინტერვალში მათთან საკანში სამი პატიმარი, რიგ-რიგობით შეიყვანეს, ისე რომ მათთვის არ უკითხავთ.
დაკავებული იუმორისტი აღნიშნავს, რომ ერთ პატარა სივრცეში, 6 კაცის თანაცხოვრება უეჭველად გამოიწვევს კონფლიქტს და მედიას და საზოგადოებას ინფორმაციის გავრცელებას სთხოვს - "იქნებ ამის შემდეგ მაინც მოახდინონ რეაგირება".
ზოგადად, არ მიყვარს ასეთი თემების გახმაურება, ჩემით მოვაგვარო მირჩევნია, მაგრამ რადგან სპეციალურად აკეთებენ და არ მინდა რამე პროვოკაციას წამოვეგო, მაგიტომ მიწევს ამის გაკეთება. მოკლედ, მეც, პაატასაც და ზვიადსაც განაჩენების შემდეგ მოგვივიდა „მომეტებული რისკი“, რაც იმას ნიშნავს რომ ვერ გვამყოფებენ ღია ტიპის დაწესებულებაში რადგან არ შეიძლება შენი ისეთ პატიმრებთან განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ისეთ კრიტერიუმებს, რომ შენთან რამე კონფლიქტური ინციდენტი არ მოუვიდეთ. ღია დაწესებულებაში კი არა, აქაც კი არ გადმოგვიყვანეს აქციაზე დაკავებული პირი თხოვნის შემდეგ, თქვენ წყნარი საკანი ხართ და არ გვინდა რამე მოხდესო.
ეგ კი არა პაატა ზიარებაზეც არ დაჰყავთ, რადგან სხვა პატიმრებთან ერთად ყოფნა არ შეუძლია. ამ ყველაფრის ფონზე, სამი დღის წინ ნახევარი საათის ინტერვალში შემოიყვანეს სამი პატიმარი, რიგ-რიგობით, ისე რომ ჩვენთვის არ უკითხავთ, რაც ასევე არ ხდება. ხო მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს? არაფრით არ შეიძლება ეს ჩვენთან და, მით უმეტეს, არც პაატა მანჯგალაძესთან.
გუშინ საღამოს შემდეგ ვთხოვ რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ, არა და ნერვები იჭიმება უკვე. ცხოვრების სხვადასხვა სტილის გამო, ერთ პატარა სივრცეში, 6 კაცის თანაცხოვრება უეჭველად გამოიწვევს კონფლიქტს. წიგნის წაკითხვა, სიგარეტის მოწევა, ძილი, ტელევიზორის ყურება და ა.შ.
მიუხედავად ამისა, მინდა მედიებს უმორჩილესად გთხოვოთ თუ ეს ფაქტი თქვენთვის საინტერესო იქნება, რომ არ გააშუქოთ. იქნებ ამის შემდეგ მაინც მოახდინონ რეაგირება. ეგენი ხომ ყველაფერს უყურებენ, უსმენენ და კითხულობენ. ჰოდა, იქნებ ესეც წაიკითხონ. შუქი თუ აქვთ, რა თქმა უნდა. თუ არა და, ხვალ შემოგეხმიანებით დამატებით ერთი დეტალით და გააშუქეთ რამდენიც გინდათ," - ნათქვამია ონისე ცხადაძის წერილში.