ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს - "ოცნების" დეპუტატი

06.08.26 15:18
ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს - "ოცნების" დეპუტატი

საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ! - ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს - საქართველოში ეგ პრობლემა არ არის! საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ!"- ამბობს დეპუტატი. 

მაჭავარიანის თქმით, საქართველოში ტურისტები ჩამოდიან იმიტომაც, რომ საქართველო ნებისმიერი კრიტერიუმით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

“ქვეყნის შიგნით ჩვენი ქვეყნის მტრებს, ასევე მათ პატრონებს აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდეს. ყველამ კარგად იცის, რომ ტურიზმი ჩვენს ეკონომიკაში ძალიან მსხვილი დარგია. შესაბამისად, ტურიზმზე დარტყმა, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე დარტყმას გულისხმობს. როდესაც დეზინფორმაციის ასეთ ორკესტრირებულ კამპანიას აქვს ადგილი, რაც ჩვენ ვიხილეთ, რა თქმა უნდა, იკვეთება ნიშნები, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია.

ამას ლოგიკა გვკარნახობს. ჩვენ გამოძიებას უნდა დაველოდოთ, რომელიც ძალიან დროულია და აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.

ასეთი დეზინფორმაცია მიმართულია არა მხოლოდ რუსი ტურისტების მიმართ, არამედ ყველა რუსულენოვანი ტურისტის მიმართ და ზოგადად, ტურიზმის მიმართ. საქართველოში ტურისტები ჩამოდიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ულამაზესი ქვეყანა და ღვინის სამშობლო ვართ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ნებისმიერი კრიტერიუმით, რაც კი შეფასებულა. ურტყამენ ამ მიმართულებას და სურთ, ტურისტებს დაანახონ, თითქოს საქართველო ტურისტებისთვის საფრთხეა“, - განაცხადა მაჭავარიანმა IPN.GE-ს მიხედვით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

უწყება წერს, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.

მსგავსი სიახლეები