"სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას" - პოლონეთის საელჩო საქართველოში
"სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას" - ამის შესახებ პოლონეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
საელჩო ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენიდან ერთი წლის გასვლას ეხმაურება.
ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლონეთის საელჩო თბილისში შეშფოთებას კვლავ გამოხატავს, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას," - წერს პოლონეთის საელჩო საქართველოში.
2026 წლის 6 აგვისტოს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მედია მენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.
- მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 2025 წლის 12 იანვარს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა.
მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა - ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება სპეციალური რეზოლუციით მოითხოვეს ევროპარლამენტში.
მზია ამაღლობელმა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო.
ჟურნალისტის საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში. დატყვევებული ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.