სფერო ჰოლდინგის საქმეზე განაჩენი ცნობილია
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებული "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი, გივი წულეისკირი და იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით, გივი წულეისკირს 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო სოფო პეტრიაშვილს 8 წლით.
სოფიკო პეტრიაშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა, საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის და არა სამართალმა, არამედ საზოგადოებრივმა აზრმა გაიმარჯვა.
სოფიკო პეტრიაშვილის მიმართ ამ საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება და სამწუხაროდ, ეს არის ბოლოდროინდელი ტენდენცია და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა არა სამართალმა, არამედ საზოგადოებრივმა აზრმა. კი ბატონო, მესმის რომ კითხვები ჰქონდა გამოძიებას, თავის დროზე ყველა კითხვისთვის პასუხი გაცემული აქვს, როცა გამოძიება მიმდინარეობდა, მერე სასამართლოსაც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. არ იცოდა [დანაშაულის შესახებ]. არც დამფუძნებელი იყო, არავინ არ იყო, ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომელი, კი ბატონო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა ბოლო დროს, მაგრამ ეს არ იყო, არც დამფუძნებელი. აქ იყვნენ წულეისკირი და მურუსიძე და რასაც ისინი ეუბნებოდნენ, რომ ეს დაზარალებულები აუცილებლად დაკმაყოფილდებიან, ზუსტად ამ დანაბარებს გადასცემდა სოფიკო პეტრიაშვილი დაზარალებულებს," - ამბობს უფლებადამცველი.
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს, ხოლო 4 თებერვალს სოფიკო პეტრიაშვილი.
დაკავებულია "სფერო ინვესტის" დირექტორი, ძებნილი გიორგი მურუსიძეც, ის საზღვარგარეთ აიყვანეს.
პროკურატურის ცნობით, "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს".