საია: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეზე წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაცია (საია) ავრცელებს.
საია აღნიშნავს, რომ დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლომ უარი თქვა მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე და გამოიტანა დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი.
ორგანიზაცია საზოგადოებას ახსენებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საიას გაგზავნილი აქვს მზია ამაღლობელის 3 საჩივარი: პირველი საქმე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საქმის განხილვის არსებითი ნაწილი დასრულებულია; მეორე საჩივარი უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებასა და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს; ხოლო მესამე საჩივარი ეხება არასათანადო მოპყრობასა და საქმის არაეფექტიან გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში ,,სტრასბურგის სასამართლო“) მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეზე წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა.
დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლომ უარი თქვა მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე და გამოიტანა დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი.
სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საია დავობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს და წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯას და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოების დაშინებას. სტრასბურგის სასამართლოში საიასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს ედვარდ ფიცჯერალდი (დოუთი სთრითის პალატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წამყვანი ბრიტანელი ბარისტერი, რომელიც სპეციალიზირდება სისხლის სამართალში, საჯარო და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში).
აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 26 ივნისს გაიგზავნა და, როგორც საიას ახლახან ეცნობა, სტრასბურგის სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 3 ივლისს, უკვე დაარეგისტრირა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საიას გაგზავნილი აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 3 საჩივარი: პირველი საქმე (№13661/25) ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საქმის განხილვის არსებითი ნაწილი დასრულებულია, მეორე საჩივარი (№36304/25) უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებასა და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს; ხოლო მესამე საჩივარი (№10009/26) ეხება არასათანადო მოპყრობასა და საქმის არაეფექტიან გამოძიებას," - წერს საია.
2026 წლის 6 აგვისტოს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მედია მენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.
- მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 2025 წლის 12 იანვარს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა.
მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა - ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება სპეციალური რეზოლუციით მოითხოვეს ევროპარლამენტში.
მზია ამაღლობელმა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო.
ჟურნალისტის საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში. დატყვევებული ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
საიამ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მე-4 საჩივარი 26 ივნისს წარადგინა.
საიას განცხადებით, საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საჩივარში, ასევე, აღწერილია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრების მზარდი მაჩვენებელი და კონტექსტი.
ეს არის რიგით მე-4 საჩივარი, რომელიც საიამ მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში.
საია ხაზგასმით აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებული საქმეები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ რეპრესიულ ანგარიშსწორებას.