იმნაძის ადვოკატი: მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია
ნია იმნაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ დევს არანაირი სახის ახალი მტკიცებულება.
გიორგი ლეკიშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებს.
“ბრალდების შესახებ დადგენილების მტკიცებულებათა ჩამონათვალში რაიმე სახის მეტადან გამოთხოვილი ინფორმაცია არ ფიქსირდება,“ - ამბობს ადვოკატი.
„არ ვიცნობ საქმის მასალებს. ჩემთვის ნამდვილად უცნობია, თუ რა სახის მტკიცებულებები არის საქმის მასალებში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომ ყოფილიყო რამე სახის მტკიცებულება, ესეც ჩემთვის უცნობია.
ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებათა ჩამონათვალში რამე სახის „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია არ ფიქსირდება. „მეტადან“ რამე ინფორმაცია მოვიდა თუ არა და მართალია თუ ტყუილი, ამასაც ვერ დაგიდასტურებთ. შეიძლება ეს ტყუილიც იყოს.
ეჭვების საფუძველზე არ ხდება სისხლის სამართლის საქმის წარმოება. სისხლის სამართლის საქმე უნდა ვაწარმოოთ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე და სხვა არც ერთი სტანდარტი არ გადაწონის ამ გარემოებას“,- განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რატომ დააკავეს ნია იმნაძე შემთხვევიდან დაახლოებით 10 თვის შემდეგ. მისი თქმით, არასრულწლოვანი ამ ხნის განმავლობაში ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.
„მე არ ვიცი, თუ ვინმე იცის, რასთან არის დაკავშირებული ნია იმნაძის 10 თვის თავზე დაკავება. რა უნდა თქვას 16 წლის ბავშვმა, რომელიც 9 თვის განმავლობაში წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. სახელმწიფო ბრალდებას მივმართავდით დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოვითხოვეთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გვარის შეცვლა, იმიტომ, რომ საზოგადოების ცალკეული ნაწილი, რომელიც არასწორად გავრცელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შეცდომაში იყო შეყვანილი, ამით ახდენდა გარკვეულ უწყებებზე ზეგავლენას, ზეწოლას და წნეხს, რის საფუძველზეც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არ არის გამორიცხული მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს ასეთ გარემოებას“, - განაცხადა ადვოკატმა.