სები აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებულ შპს „შელბითთან“ (SHPS SHELBIT) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ სუბიექტს ეროვნული ბანკისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად (VASP) რეგისტრაციის თაობაზე არ მოუმართავს.
სებ-ის ცნობით, „შელბითი“ არ წარმოადგენს მათ მიერ რეგულირებულ სუბიექტს. ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, დასახელებულ კომპანიას რეგისტრაცია გაუქმებული აქვს.
ეროვნულ ბანკში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა მკაცრად რეგულირებადი სფეროა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ამ ტიპის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.
ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
- ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დაფუძნებული კომპანია დაასანქცირა. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სამიზნე კრიპტოკომპანიები გახდა, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.
- ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებია ირანში დაბადებული ბიზნესმენი სიავაშ კეივანპური, რომელიც განცხადების თანახმად, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, SHPS Shelbit-ის მეშვეობით კრიპტოვალუტის ბირჟა Shelbit Exchange-ს მართავს.