2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება - ბრალს იმ პირებს წაუყენებენ, ვინც მელიაზე თავდამსხმელი მოიგერია

09.08.26 11:20
2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება - ბრალს იმ პირებს წაუყენებენ, ვინც მელიაზე თავდამსხმელი მოიგერია

ნიკა მელიაზე თავდამსხმელის ნაცვლად დღეს ბრალს იმ პირებს წაუყენებენ, ვინც აგრესორი მოიგერია.

სამტრედიაში ოპოზიციის ლიდერზე 2 წლის წინ მომხდარ ანგარიშსწორებას პოლიცია საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით იძიებს. თუმცა, ბრალდებული არა თავდამსხმელი, არამედ ნიკა მელიას დაცვის წევრი და მისი პარტიის წევრი არიან. 

პარტია ახალის წევრი, ცოტნე მირცხულავა საგამოძიებო უწყებაში დაბარებას “პოლიტიკურ ნიადაგზე შეკერილ“ საქმეს უწოდებს და ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და საქმე თაროდან მხოლოდ იმის გამო ჩამოიღეს, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები გაანეიტრალონ.

უჩვეულოდ ახალი ამ საქმეში არაფერია, “ოცნება“ დიდი ხანია ცდილობს, ჩვენ შეშინებას და ჩვენ გაჩერებას, თავისი მეთოდებით. 2 წელია ამ საქმიდან გასული და 2 წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება და დღეს ვიგებ, რომ ამ ადამიანის იდენტიფიცირება თურმე შესაძლებელი ყოფილა. აქ შემოდის ორმაგი სტანდარტი და გამოძიება ბრალს მიყენებს მე, ქ126-ე მუხლის მეორე ნაწილით. “ოცნება“ ცდილობს დაგვაშინოს, დაგავშანტაჟოს და პოლიტიკურ მარწუხებში მოგვაქციოს, თუმცაღა, ამ ბრძოლაში გაჩერებას არავინ აპირებს, ყველამ კარგად ვიცით, ივანიშვილის მიზანი რა არის. ჩვენი მიზანი ამ ქვეყნის გადარჩენაა და ამ ბრძოლაში იმიტომ ვართ ჩართულები, რომ ეს ამბავი ბოლომდე მივიყვანოთ. „ოცნებას“ დაშინება არ გაუვა, - ამბობს მირცხულავა.

სავარაუდოდ, დღეს ნიკა მელიას დაცვის წევრსაც გააცნობენ ოფიციალური ბრალის დადგენილებას. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება 724 დღის დაგვიანებით დაიწყო.

გასულ კვირას დაკითხვაზე დაიბარეს, ნიკა მელიას დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გაბრიელ კობაიძე.

შეგახსენებთ, პირი, ვინც საარჩევნო შეხვედრისას მელიას, კამერების წინ თავს დაესხა, საბა ნიკოლეიშვილა. მისი იდენტიფიცირება თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა  2 წლის თავზე ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას ადასტურებს.

ირკვევა, რომ თავდამსხმელი ახლა იმის მტკიცებას ცდილობს, რომ თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა.