ალეკომ გულში ჩაიკრა თავისი ნათლული, რუსებს დაუძახა, არ ჩაგბარდებითო და ყუმბარა გახსნა - ამბავი "შინდისის ბრძოლის" გმირზე

11.08.26 17:21
ალეკომ გულში ჩაიკრა თავისი ნათლული, რუსებს დაუძახა, არ ჩაგბარდებითო და ყუმბარა გახსნა - ამბავი "შინდისის ბრძოლის" გმირზე

 

 

ისტორია შინდისის ბრძოლის გმირზე, რომელიც რუსებს არ ჩაბარდა, თავი აიფეთქა და თანამებრძოლები სიკვდილს გადაარჩინა - 2008 წელს გმირულად დაღუპული ალეკო(ალექსანდრე) ონიანის ამბავს მისი და იხსენებს.

როგორც ელენე ონიანს გადარჩენილმა მებრძოლებმა უამბეს, ალეკომ გულში ჩაიკრა თავისი ნათლული რომან ზოიძე, რომელიც უკვე სისხლისგან იცლებოდა, ამ დროს რუსები ძალიან ახლოს იყვნენ, ონიანმა კი დაიძახა, არ ჩაგბარდებითო და უკანასკნელი ყუმბარა გახსნა.

დის ინფორმაციით, უკანსაკნელი ზარი ალეკო ონიანმა მამაოსთან განახორციელა - "სავარაუდოდ, უნდოდა, რომ მამაოსთვის შენდობა ეთხოვა იმისთვის, რასაც აპირებდა".

დაჭრილი მეომრები ამბობდნენ, რომ სწორედ ალეკოს თავგანწირვის შედეგად გადარჩნენ ცოცხლები - "საკონტროლო ტყვიაც იმიტომ არ გვესროლეს, ეგონათ, ყველანი დაღუპულები ვიყავითო".

ეს ამბავი დღის სინათლეზე პატრიარქმა, ილია მეორემ გამოიტანა. სწორედ მას უამბეს ჯარიკაცებმა ალეკო ონიანის გმირობის შესახებ. 

თავისი ნათლული ემუდარებოდა, მე უკვე ცუდად ვარ, მცივა, სისხლიდან ვიცლები, ალეკო წადი, დამტოვე. ალეკოს შეძახილი იყო, რომ არ დაგტოვებ, არც ჩემს ნათლულს დავტოვებ და არც თქვენ ბიჭებოო.  ბოლოს უთხრეს, სისხლი წაისვი, ჩაწექი მიცვალებულებთან, იქნებ გარდაცვლილი ეგონო და ხელი არ გახლონო. ალეკომ არც ეს გააკეთა. ბოლო წუთას მამაოს ურეკავდა და მამაომაც არ უპასუხა, როგორც ვიცი. ბოლო შეძახილი იყო, - ბიჭებო, ვისაც გესმით ახლოს ჩემი ხმა, ჩემამდე მოდით და ტყვედ არ ჩავბარდეთო.  ხელყუმბარა, რომელიც მას ეჭრა მისთვის ჰქონდა შენახული და სავარაუდოდ, უნდოდოა, რომ მამაოსთვის შენდობა ეთხოვა ამ ყველაფრისთვის, რასაც აპირებდა.  დაელოდა, როდის მოვიდოდა რუსის ჯარი, მოუახლოვდა, ჩაიხუტა თავის ნათლული, დაიძახა, არც მე ჩაგბარდებით და არც ჩემს ნათლულს ჩაგაბარებთო, ჩაიხუტა თავისი ნათლული და თავიც აიფეთქა. როგორ იყო დაღუპული ეს არვიცოდი, პატრიარქმა გამოიტანა ეს ამბავი და მას უთხრეს დაჭრილმა მეომარმა ბიჭებმა, რომ ჩვენ ალეკოთი ვართ ცოცხალი და საკონტროლო ტყვიაც იმიტომ არ გვესროლეს, ეგონათ, რომ ყველანი დაღუპულები ვიყავითო". - ამბობს ალექსანდრე ონიანის და, ელენე ონიანი. 

დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა:

  •  ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ოკუპანტებთაან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა. ამ დღის შემდეგ  გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს.