ბაკურციხეში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადა - თავდამსხმელი დაკავებულია

11.08.26 19:08
ბაკურციხეში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადა - თავდამსხმელი დაკავებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.

შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

მაღაზიაში მყოფმა პირებმა შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. კაცმა ობიექტიდან თანხის წაღება ვერ შეძლო, თუმცა, სიგარეტისა და სხვა პროდუქციის გატანა მოახერხა.

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი სოფელ კოლაგის მკვიდრია და ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.