დააკავეს პირი, ვინც საქართველოში ათეულობით მილიონი დოლარის უნებართვო კრიპტოოპერაციები განახორციელა
ათეულობით მილიონი დოლარის უნებართვო კრიპტო-ოპერაციები საქართველოში. ფინანსურმა პოლიციამ ხელბორკილები დაადო არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერს, რომელიც უკანონოდ ახორციელებდა ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას და კრიპტოვალუტის ნაღდ ფულში კონვერტაციას. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ოპერირებდა რის გამოც ხუთ წლიანი პატიმრობა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას. აღნიშნული საქმიანობით ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით საბანკო ბარათი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ფულადი თანხა - 83 903 აშშ დოლარი, 300 ევრო და 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა". - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
დაკავებულს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების, აგრეთვე გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.