აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

12.08.26 20:53
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

როგორ დაკარგა ბათუმელმა ოჯახმა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი?! - თურმანიძეების ოჯახი ოცნების დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს! დაზარალებულები ილია ვერძაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ვერძაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია. 2018 წელს თურმანიძეებმა ანგისას ქუჩაზე 2600 კვ.მ მიწა ოცნების დეპუტატის სახელით მისულ ინვესტორს მიჰყიდეს. მთავარი პირობა 28 სართულიანი კორპუსის აშენება და რამდენიმე ბინის მიღება იყო.

8 წლის თავზე ბათუმში ეს მიწა ისევ ცარიელია, კორპუსი არათუ არ აშენებულა, მშენებლობა არც კი დაწყებულა. თურმანიძეების ოჯახი სახლის გარეშე დარჩა და ქირით ცხოვრობს. ქირას აღარ უხდიან. "პირველებთან" საუბარში ყვებიან, რომ ზურაბ დიასამიძე, ვისაც მიწა მიყიდეს, ვერძაძის წარმომადგენელია. დიასამიძე იყო იმ კომპანიის დირექტორიც, რომელიც ოცნების დეპუტატის დას ეკუთვნოდა და რომელსაც კორპუსი უნდა აეშენებინა. ეს საჯარო რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება. მიწა და პროექტი რამდენჯერმე გადაიყიდა, თურმანიძეების თქმით, ისევ ვერძაძესთან დაკავშირებულ პირებზე.

თურმანიძეები გამოძებას და თაღლითური სქემის ყველა მონაწილის დასჯას ითხოვენ, ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ივანიშვილსა და კობახიძეს, რომ 2018 წელს დაპირებული პროექტი დასრულდეს და ოჯახმა კუთვნილი ქონება მიიღოს. არსებობს ხელშეკრულება, რომლის პირობებიც უკვე დიდი ხნის დარღვეულია.  

ილია ვერძაძე ბრალდებებს უარყოფს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან ამტკიცებს, რომ თაღლითობაზე არაფერი სმენია და ამ ბიზნესმა მისი ოჯახის ხელში სულ ცოტა ხნით გაიარა. ვერძაძე თურმანიძეების ოჯახის წინააღმდეგ სარჩელის შესატანადაც ემზადება.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები