რუსთაველის რეაბილიტაცია - რატომ გამოუწერეს მეოთხე ჯარიმა ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანიას
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" დააჯარიმა - როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო დოკუმენტებიდან ირკვევა, მიზეზი კონტრაქტის პირობების დარღვევაა.უფრო კონკრეტულად, ლევან გოგსაძის კომპანია სამუშაოებს რუსთაველის გამზირზე 24 საათის განმავლობაში არ ახორციელებდა. კომპანიის წარმომადგენლები თავს გაუთვალისწინებელი შეფერხებებით იმართლებენ და ჯარიმას არ ეთანხმებიან.
რეაბილიტაციის დაწყებიდან 3 კვირაში 5 ჯარიმა კორუფციის მკვლევრებისთვის დასტურია იმისა, რომ კომპანია სამუშაოებს უკვე დარღვევებით ახორციელებს. ამავე კონტრაქტის პირობების მიხედვით, კომპანიას ვადა 100 დღე აქვს, სამუშაოები წესით ნოემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს, თუმცა ოპონენტების თქმით ეს არარეალურია.
2 წელი და 3 უშედეგო მცდელობა დასჭირდა მერიას რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასაწყებად. რომელიც რამდენჯერმე ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, ბოლოს ქართული ოცნების შემომწირველ კომპანიას, ბექა ოდიშარიას ქვისლის „სმარტ სოლუშენსს“ ჩააბარეს, რომელსაც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ჯამში 20 მლნ-მდე უნდა გადაუხადონ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება, ამას არამხოლოდ ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, არამედ რამდენიმე დღის წინ თავად ლევან გოგსაძემაც განაცხადა. ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია კიდევ ერთი პროექტი გახდება, რომელიც მერიამ ვადებში ვერ დაასრულა.