შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.