დააკავეს პირი, რომელმაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოები რამდენიმე ადამიანს გაუგზავნა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს.
კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.