შიო III მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი მიიღო.
მათივე განცხადებით, შეხვედრას მიტროპოლიტები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
"შეხვედრა მეტად გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. სტუმარმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის კონსტანტინოპოლში მომავალ ვიზიტზე საუბარს“ - წერს საპატრიარქო.
საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია და ამ დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საქართველოში ვიზიტი გაიხსენეს. მათივე განცხადებით, შიო III-მ ამ ვიზიტისა და თანაგრძნობისთვის მსოფლიო პატრიარქის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.
"უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გაიხსენა მისი პატრიარქად აღსაყდრების დღე და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის გულთბილი მილოცვა" - წერს საპატრიარქო.
საპატრიარქო შეხვედრაზე შიო III-ის სიტყვებსაც ავრცელებს, რომლითაც მან მიტროპოლიტ ემანუელს მიმართა.
"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე ემანუელ, მოგესალმებით დიდი სიყვარულით საქართველოს საპატრიარქოში. ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა ჩემი ინტრონიზაციის შემდეგ. მოხარული ვართ, ჩვენს მეუფეებთან ერთად, რომ თქვენი სტუმრობით დღეს, ერთი მხრივ, ოფიციალურად წარმოადგენთ მსოფლიო საპატრიარქოს, მეორე მხრივ კი, ჩვენ უკვე იმდენჯერ შევხვედრილვართ ერთმანეთს მეგობრულ ვითარებაში, რომ ეს არის ასევე მეგობრული განწყობის მქონე შეხვედრაც.
რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ჩვენს შეკრებას და იმედს იძლევა შემდგომ ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ, მის ყოვლადუწმინდესობას ჩვენგან გადასცეთ თხოვნა მის წმინდა ლოცვებში მოხსენიებისა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი ყოვლადუწმინდესობისა და ასევე პირადად თქვენს ძალიან თბილ და ამაღლებულ დამოკიდებულებას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი, მისი პიროვნებისადმი (როცა ის ცოცხალი იყო), რასაც მისი ყოვლადუწმინდესობა და თქვენ ავლენდით და ავლენთ მის მიმართ.
მინდა, აღვნიშნო მისი ყოვლადუწმინდესობის განსაკუთრებული სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს სიტყვა ნამდვილი ძმური სითბოთი და სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე თვეები იყო მისი უწმინდესობის გარდაცვალების დღეები და შემდეგ მის გარეშე ჩვენი ეკლესიის ცხოვრების გაგრძელება.
და აი, ღვთის წყალობით, მოხდა ჩემი გამორჩევა კათოლიკოს-პატრიარქად. მინდა, გავიხსენო და არასდროს დამავიწყდება მისი ყოვლადუწმინდესობის მოლოცვის სიტყვები, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ეს იყო ღირსეული გამარჯვება და მოგვილოცა ჩვენ, ყველას". - თქვა სტუმართან საუბრისას შიო III-მ საპატრიარქოს ცნობით.
საპატრიარქო შეხვედრის დროს მიტროპოლიტი ემანუელის სიტყვებსაც ავრცელებს.
„ძალიან დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. ჩემთვის, ყოვლადუწმინდესობის წარმომადგენლისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები.
საქართველოში ჩამოვედი ორმაგი სიხარულით, რომ მოგილოცოთ კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. მინდა, ხაზი გავუსვა ორი საპატრიარქოს - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს ახლო ურთიერთობას. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დატოვებული მემკვიდრეობა.
თქვენს არჩევას, გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ჩვენ ვაფასებთ, როგორც ძალიან დადებით მოვლენას. ეს საფუძველი იქნება იმ საუკუნოვანი, ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობების გაგრძელებისა, რაც არსებობს ამ ორ ეკლესიას შორის.
მისმა ყოვლადუწმინდესობამ გამომგზავნა, რომ გადმოგცეთ ეს გზავნილი და შეტყობინება: დიდი სიხარულით გელოდებით.
თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს“, - თქვა მიტროპოლიტმა ემანუელმა.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, შიო III-მ სტუმარს საჩუქრები გადასცა. მათივე ცნობით, მიტროპოლიტ ემანუელს ასევე გადაეცა მსოფლიო პატრიარქისთვის განკუთვნილი საჩუქარიც.