რუსეთში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერის პროექტი შეიმუშავეს - მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს
რუსეთში ქვეყნის გემთმშენებლობის ისტორიაში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერის პროექტი შეიმუშავეს, რომლის საერთაშორისო მარშრუტიც საქართველოს პორტებსაც მოიცავს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ კონსტრუქტორული ბიურო „ვიმპელის“ პროექტის პრეზენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, ლაინერი შავ ზღვაში რუსეთს, საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის საკრუიზო რეისებისთვის იქნება განკუთვნილი. ტექნიკური მახასიათებლები გემს ხმელთაშუა ზღვის პორტებში, მათ შორის საბერძნეთშიც, შესვლის შესაძლებლობას მისცემს.
ლაინერი 2 000-ზე მეტ მგზავრზე იქნება გათვლილი. პროექტით გათვალისწინებულია როგორც სტანდარტული და აივნიანი კაიუტები, ისე „გრანდ-სუიტები“. გემზე ასევე იგეგმება თეატრის, Duty Free-ს, სპა-სალონის, რესტორნების, ბარებისა და ჩოგბურთის კორტის მოწყობა.