PHR: სახალხო დამცველმა შშმ პაციენტების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემური ცვლილებებისკენ მოუწოდა

20.08.26 13:20
PHR: სახალხო დამცველმა შშმ პაციენტების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემური ცვლილებებისკენ მოუწოდა

PHR-ის ცნობით, სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემური ცვლილებებისკენ მოუწოდა. 

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ა.დ-სა და მ.უ-ს უფლებებს. ორივე საქმე ეხება გადაუდებელ და სხვა სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი ინდივიდუალური, მათ შორის კომუნიკაციისა და ქცევითი საჭიროებების გაუთვალისწინებლობასა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას.

PHR-ი წერს, რომ 2026 წლის 13 აგვისტოს სახალხო დამცველმა ორი საქმის ერთობლივი შესწავლის საფუძველზე დაადგინა კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გამოავლინა სისტემური პრობლემები, რომლებიც შშმ პირებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე თანასწორ და უსაფრთხო წვდომაში უშლის ხელს. 

ასევე, PHR-ის ცნობით, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურების ერთიანი პროტოკოლის შემუშავების რეკომენდაციით მიმართა. ამასთან, ომბუდსმენმა საჭიროდ მიიჩნია სამედიცინო მომსახურებაზე უარის შემთხვევების სავალდებულო აღრიცხვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ა.დ-სა და მ.უ-ს უფლებებს. ორივე საქმე ეხება გადაუდებელ და სხვა სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი ინდივიდუალური, მათ შორის კომუნიკაციისა და ქცევითი საჭიროებების გაუთვალისწინებლობასა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას.

2026 წლის 13 აგვისტოს სახალხო დამცველმა ორი საქმის ერთობლივი შესწავლის საფუძველზე დაადგინა კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გამოავლინა სისტემური პრობლემები, რომლებიც შშმ პირებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე თანასწორ და უსაფრთხო წვდომაში უშლის ხელს. 

ასევე, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურების ერთიანი პროტოკოლის შემუშავების რეკომენდაციით მიმართა. ამასთან, სახალხო დამცველმა საჭიროდ მიიჩნია სამედიცინო მომსახურებაზე უარის შემთხვევების სავალდებულო აღრიცხვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

ა.დ-ს საქმე

 

ა.დ. არის 19 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭი. იგი ვერ საუბრობს, არის უსინათლო, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ტკივილის შესახებ ინფორმაციას ვერბალურად ვერ გადმოსცემს. 

2025 წლის 21 აგვისტოს, ა.დ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მას აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილის ნიშნები, ჰქონდა თვითდამაზიანებელი ქცევა. მთელი დღის განმავლობაში ა.დ-ს დედა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას მიმართავდა, რათა შვილისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიეღო. კლინიკები პაციენტის მიღებაზე უარს ამბობდნენ. დახმარების მისაღებად დედამ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და საპატრულო პოლიციასაც მიმართა, თუმცა მეოთხე კლინიკაში მიყვანის შემდეგაც ანზორს რამდენიმე საათის განმავლობაში არ იღებდნენ, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა.

კლინიკების წარმომადგენლების მიერ ა.დ-ს ქცევითი და კომუნიკაციის თავისებურებები მისი სომატური მდგომარეობის შეფასების ნაცვლად ფსიქიატრიული საჭიროების კონტექსტში იქნა აღქმული. კლინიკები დედას ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა წაეყვანა იმის მიუხედავად, რომ დედა კლინიკის წარმომადგენელებს უხსნიდა, რომ მის შვილს ქონდა ძლიერი ტკივილი და ჭირდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 

საბოლოოდ, მშობელმა დახმარება სოციალურ ქსელში ითხოვა და სახალხო დამცველისთვის მიმართვაზეც დაიწყო საუბარი, რის შემდეგაც კლინიკამ პაციენტი დაგვიანებით მიიღო. მალევე ა.დ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა - საჭირო გახდა მისი ინტუბაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, სადაც მან 28 დღე გაატარა.

სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის პროცესში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომაც შეისწავლა ა.დ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება და მნიშვნელოვანი დარღვევები დაადგინა.

კერძოდ, სააგენტომ დაადგინა, რომ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში“ ა.დ-ს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში არ შეიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება არ გაუწიეს. „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ პაციენტი მხოლოდ ვიზუალურად შეაფასეს, თუმცა არც გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეიყვანეს, არც შესაბამისი მომსახურება გაუწიეს და არც პაციენტად დაარეგისტრირეს. აღნიშნული დარღვევების გამო სააგენტომ ორივე კლინიკას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. ამავე კლინიკების მიმართ სახალხო დამცველმა დაადგინა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. 

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ დარღვევა გამოვლინდა „ჯეო ჰოსპიტალსშიც“. სააგენტომ დაადგინა, რომ ა.დ-ს ჰოსპიტალიზაცია და მისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა დაგვიანებით განხორციელდა.

ა.დ-სთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არაერთგზის გაუწევლობისა და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხის გამო, PHR-მა 2025 წლის 23 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა და კლინიკების წარმომადგენელთა ქმედებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

PHR-მა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ, ა.დ-ს უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. სასამართლოში PHR ითხოვს ა.დ-ს მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და იმ მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმისა და სათანადო დახმარების მიუღებლობის შედეგად მიადგა.

მ. უ-ს საქმე

 

2025 წლის 25 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წერილობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს მ.უ-ს უფლებრივი მდგომარეობის შეფასების შესახებ. განცხადება ეხება როგორც უშუალოდ მ.უ-ს ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ისე ჯანდაცვის სექტორში არსებულ სისტემურ გამოწვევებს - კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების სისტემურ გამოწვევებს.

2021 წლის 26 ნოემბერს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო,  მ.უ. მშობელმა თბილისის ოთხ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა, თუმცა ოთხივე კლინიკამ  შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა.

ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მ.უ-ს COVID-19-ის ტესტი აუღეს, თუმცა შემდგომ უარი განაცხადეს მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ პაციენტი თანხმობას არ გამოხატავდა. დედამ კლინიკას მიაწოდა ინფორმაცია მ.უ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წარუდგინა სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც დასტურდებოდა, რომ იგი მ.უ-ს მხარდამჭერი იყო. მიუხედავად ამისა, მ.უ-ს სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

მ.უ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა. 2022 წლის იანვარში იგი მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 29 იანვარს ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. 

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მხრიდან მ.უ-ს მიმართ ადგილი ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას. 

აღნიშნულმა საქმემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი გამოავლინა - სამედიცინო მომსახურებაზე უარის სათანადოდ აღურიცხაობა . კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც სამედიცინო დაწესებულება პაციენტს მომსახურებას არ უწევს, ხშირად არ ხდება მისი რეგისტრაცია, სამედიცინო ბარათის გახსნა და მომსახურებაზე უარის მიზეზების წერილობით დაფიქსირება.

ასეთი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს შემდგომში პაციენტის მიერ საკუთარი უფლებების დაცვას, რადგან არ არსებობს ოფიციალური ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვის, პაციენტის მდგომარეობის შეფასებისა და მომსახურებაზე უარის ფაქტს. შედეგად, რთულდება როგორც შესაძლო დარღვევის ეფექტიანი შესწავლა, ისე მომსახურებაზე უარისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა.

სახალხო დამცველმა ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. მ.უ-ის ერთერთ კლინიკაში ყოფნის ფაქტი მხოლოდ COVID-19 ტესტირების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა. ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში კი მისი კლინიკაში ყოფნის დადასტურებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებით დისკრიმინაციის დაუდგენლობა არ ნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის არსებობა გამორიცხა - რიგ შემთხვევებში მისი სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება სწორედ მტკიცებულებებისა და რეგისტრაციის მონაცემების არარსებობამ შეუძლებელი გახადა. 

სისტემური ცვლილებების საჭიროება

ა.დ-სა და მ.უ-ს საქმეებმა აჩვენა, რომ პრობლემა მხოლოდ ცალკეული კლინიკის ან კონკრეტული პაციენტის შემთხვევით არ შემოიფარგლება და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ უფრო ფართო ხარვეზებს უკავშირდება.

შემუშავებულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების არასათანადო შეფასებაზე, გონივრული მისადაგების ნაკლებობაზე, კომუნიკაციის მისაწვდომი ფორმების არარსებობაზე, პაციენტების რეგისტრაციისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზებზე, ასევე კლინიკებს შორის ეფექტიანი რეფერალის გაუმართაობაზე," - წერია განცხადებაში. 

ამასთან, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ერთიანი და სავალდებულო კლინიკური სტანდარტების საჭიროებაზე, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს კომუნიკაციისა და ქცევის სირთულე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. 

PHR აგრძელებს აღნიშნულ საქმეებზე სამართლებრივ მუშაობას, რათა გამოვლენილ დარღვევებს რეალური და ქმედითი ცვლილებები მოჰყვეს. ორგანიზაციის მიზანია, ჯანდაცვის სისტემაში დაინერგოს ისეთი სტანდარტები და პრაქტიკა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფს გადაუდებელ და სხვა სამედიცინო მომსახურებაზე თანასწორ, დროულ და უსაფრთხო წვდომას, მათი ინდივიდუალური, მათ შორის კომუნიკაციისა და ქცევითი საჭიროებების სათანადო გათვალისწინებით.