განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა - ბრალი 5 პირს წარუდგინეს
ნარკოდანაშაულის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ამოიღეს ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა), 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.