რუსეთის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე - რა საფრთხეებზე საუბრობს ოპოზიცია

20.08.26 15:20
რუსეთის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე - რა საფრთხეებზე საუბრობს ოპოზიცია

რუსეთის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე - პოლიტიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, ქვეყანაში შემოსულ ადამიანებს შორის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც იყვნენ.

"თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთში შესაძლო მობილიზაციის გამო, საქართველოში იმ რუსების რაოდენობის ზრდის საფრთხეს იწვევს, რომლებიც საცხოვრებლად აქ დარჩებიან. 

მისივე თქმით, მათ შორის იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც რაღაც ტიპის კავშირი ექნებათ რუსეთის სპეცსამსახურებთან. 

ძალიან მაღალი რიცხვია, ლარსზე დგას ბევრი მანქანა, რომელიც შემოდის საქართველოში. თავისთავად რუსი ვიზიტორები არ არის სიახლე ამ ქვეყანაში, მაგრამ იმ ფონზე, როცა სულ უფრო იზრდება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ალბათობა, ამ ვითარებაში ჩანს საფრთხე იმისი, რომ მოქალაქეები, რომლებიც აქ დარჩებიან საცხოვრებლად, ამ ტიპის მოქალაქეები დაგვემატება რუსეთის ფედერაციიდან და ჩენ ვხედავთ, რომ ეს იწვევს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საფრთხეებს.

საფრთხეა, მათ შორის, სპეცსამსახურების შემოდინება იმიტომ, რომ მათ შორის იქნება ხალხი, რომელიც რაღაც ტიპის კავშირში იქნება რუსეთის სპეცსამსახურებთან და საფრთხეა ისიც, რომ ეს ხალხი, ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთისთვის, ფაქტობრივად, მტრის ზურგში გამაგრებული პარტიზანები, რომლებმაც ჩვენ წინააღმდეგ შეიძლება იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც ხდება ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის," - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას თქმით, საჭიროა საქართველოს საზღვრის მკაცრი კონტროლი. 

ცხადია, რეგიონში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებობს საფრთხეები - ერთ-ერთი საფრთხე არის სწორედ საყოველთაო მობილიზაცია რუსეთში, საზღვრის კონტროლის თემა, ჩვენ არაერთგზის ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შემოსული თუნდაც ვაგნერის სამხედრო დაჯგუფების წევრები, პროპაგანდისტი ჟურნალისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ომის მანქანაში, ამავდროულად ადამიანები, რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამიტომაც, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს და რაც გასაკეთებელია არის მკაცრი კონტროლი საზღვრის დაცვის მიმართულებით," - ამბობს ლანა გალდავა. 

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ერთ დღეში საზღვარზე 20 000 ადამიანის გატარების შემთხვევაში, ეს თითო ადამიანი დაახლოებით 4-წამიან შემოწმებას გულისხმობს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ მათ არა საქართველოს მოქალაქეებს და მედიას, არამედ რუსეთის ფედერალურ უწყებებს უნდა უპასუხონ, ვინც მონაცემები გაავრცელა. 

რუსეთის ფედერაციიდან წამოსულ ინფორმაციას, რომ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 20 000 ადამიანი, რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ რა გამოდის, რომ 20 000 ადამიანის გატარება შეუძლია ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს და ეს ერთ ადამიანზე გამოდის დაახლოებით 4 წამი, უხეშად რომ გამოვითვალოთ. 

მერე რუსეთს უპასუხონ, რუსეთის ფედერალური უწყების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციაა და კონკრეტულად მათ უპასუხონ [შსს-მ], რომ მათი ინფორმაცია არ შეესაბამება კონკრეტულ ობიექტურ მონაცემებს. მე რომ მპასუხობენ, ამით არაფერი განსაკუთრებული არ გამოიხატება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსთან საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა.

ინფორმაციას გამოეხმაურა შსს-ც და დაწერა, რომ მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7 880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა. 

[საილუსტრაციო ფოტო]