საქართველოს განათლების სამინისტრომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღარ დააფინანსა
ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში დაარსებული ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა.
ინფორმაცია 20 აგვისტოს ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ გაავრცელა. ისტორიკოსი წერს, რომ ხელისუფლებამ 2026 წელს აცნობა ჰარვარდის უნივერსიტეტს, რომ დაფინანსებას წყვეტდნენ:
„მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი [სტივენ ჯონსი] ტენდენციური კაციაო, ესე იგი, ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო“, - დაწერა კობახიძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ „პროგრამის ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“.
საქართველოს განათლების სამინისტრომ 2026 წლის 21 აგვისტოს წერილობით განცხადებაში დაწერა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს პროგრამის ანგარიშგება არ წარმოუდგენია:
„პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას, დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავს“, - წერს სამინისტრო.
სამინისტრო ირწმუნება, რომ „გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სახელმწიფო რესურსის ეფექტიან და ანგარიშვალდებულ მართვას და ახალი ეტაპის დასაწყებად აუცილებელი პროგრამული და ფინანსური ჩარჩოს არსებობას“.
- დეივისის ცენტრის საიტზე ქართველოლოგიის პროგრამის შესახებ ინფორმაცია უკვე წარსულ დროშია ასახული და წერია, რომ „პროგრამის მიზანი იყო საქართველოს გარეთ ქართველოლოგიის წამყვანი ცენტრი გამხდარიყო“ და „მისი შექმნა იყო დიდი მიღწევა“.
ქართველოლოგიის პროგრამას ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა. პროფესორმა 2024 წელს მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიღებული „აგენტების კანონი“ და განაცხადა, რომ კანონის მიღება დაასრულებდა საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. მან ამ საკითხზე ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
2025 წელს მან, სხვა საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, ხელი მოაწერა მოწოდებას „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი, გადაეხედათ დაანონსებული განათლების რეფორმა, - რეფორმა, რომელიც, ხელმომწერთა აზრით, „გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს.